აყვავილებულ საღამოს
[ციკლიდან „ეპოქა“]
საღამო მშვიდი, საღამო წყნარი,
დღემ ამართულ მთებს გადააფარა,
დუმილს მიეცა შორი სოფლები
და ყაზიბეგის თეთრი ჭაღარა.
უკანასკნელის მზისა ალერსით
აწითლებული და მოელვარე
დასავლეთშია ჩასვენდა ალი,
გაურკვეველი, ჩუმი, მთვლემარე.
ქვევით ნიაღვრით გადარეცხილი
ჩაყუდებული პიტალო მთები,
თითქო ფიქრებად გადაქცეულან,
როგორ ჰკვდებიან მზისა სხივები.
პატარა ქალი სასხლავით ხელში
კორდიდან კორდზე დახეტიალობს,
საყვარელ ლექსებს იმეორებს და
აყვავილებულ საღამოს ჰგალობს.
[1928]