სამაისო სიმღერებიდან
[ციკლიდან „ეპოქა“]
სპეკტრი, შუქთ გუნდი მოაწყდა კარებს,
სხივთა ისარი გულზე დამასო.
ისევ გაბრუნდა და მე მომესმა
მისი ძახილი: „იცოცხლე, არსო!“
ჩვენ გვასწავლიდა რაზე ვიღწოდეთ
ან რაა ჩვენი დანიშნულება -
თავდადებულთა ძლიერი რიგის
მუდამ ახალი და მძლე თქმულება.
ბევრ დიად საქმეს დაუზარებლად
აქ განაგებდენ მაგარი ხელით.
ასრულდა ბევრი, რასაც ველოდით
და ასრულდება ის, რასაც ველით.
და ბევრ ადგილას, სადაც კი დღემდე
ვერ მკვიდრდებოდა მაისთა რკალი,
ეხლა უკვდავი გრგვინვით გაისმის
დაუძლეელი „ინტერნაციონალი“.
[1928]