რაც დავიწყებით არ იბინდება
[ციკლიდან „ეპოქა“]
უღრუბლო მწვერვალს დიდი ხანია
ჩვენი ზრუნვები ვერ ეკარება,
მხოლოდ ხანდახან უცნაურ ამბად
ტურისტი მხრებში შეეპარება.
ის თბილისიდან ფიქრობდა მასზე -
ახლო ენახა მთების დიდება,
რომელიც არღვევს საუკუნეებს
და დავიწყებით არ იბინდება.
მთებში, სიმშვიდით გარემოცული,
განმარტოებით შენ ისევ მღერი -
ერთი მხრით ვრცელი ტყე, დაბურული,
მეორე მხრით კი - ძეწნა და შქერი.
სალამი მთებო, ტოტებგაშლილო,
სალამი შორო და მწვანე მდელო,
მუხაო, დროთა ფიქრში გართულო,
კლდეებო, ირემ-ჯიხვთ სამფლობელო!
[1928]