ახლო, ქვაფენილს გაეკრა ლანდი
[ციკლიდან „ეპოქა“]
ო, განთიადო, მუნჯ ბორკილებში
მე გავატარე ღამე წყეული,
გამაცოცხლებელ მზისა სხივების
ლოდინათ ვიყავ გადაქცეული.
ფეხისხმას მოვკარ ქუჩაში ყური,
ახლო, ქვაფენილს გაეკრა ლანდი,
სწრაფად დარკინულს მივადექ სარკმელს,
მაგრამ, მზის შუქო, შენ არსად სჩანდი.
დაიკაკანა ტყვიისმფრქვეველმა,
იარაღებით გამოჩნდა ფორდი
და ზარბაზნების ხანდახანი ხმა,
ძველი ცხოვრების იყო აკორდი!
[1928]