პოეტს
[ციკლიდან „ეპოქა“]
ნუ გგონია, რომ სიმღერას
შენსას ვერვინ გაიგონებს,
ვერ გაარღვევს მწუხარებას
და ვერავის დაიმონებს.
არა, მუდამ ახალია
და ძლიერი შენი სიტყვა,
იგი წინათ ხალხის გულში
დაფარულად გამოითქვა.
ძლიერია ჩანგის ხმაზე
ბევრი წრფელი ღამის თევა
და იდუმალ სიმღერაზე
სულის ცეცხლად გადაქცევა.
[1928]