შუალედი - დან - მდე
 
 


რევოლუციური პლაკატები


[ციკლიდან „ეპოქა“]

ამ პლაკატების უამრავ გროვამ
შარშანწინისწინ კორიანტელზე
გადაიქროლა საქართველოზე,
როგორც სამუმმა უდაბნო ველზე.
თუ პლაკატები გაიძახოდენ
სიტყვას ჯერ ახალს, სიტყვას ჯერ უთქმელს
და ყველგან, ყველგან წინ უხვდებოდენ
ღიმილს დამცინველს, ღიმილს დამთუთქველს,
განა ეს სული მომაკვდავია?
შეხედეთ, აი კიდევ პლაკატი -
იგი საერთო მდინარებისთვის
შეერთვის, როგორც ნაკადს ნაკადი.

[1928]