შუალედი - დან - მდე
 
 


მხოლოდ იდეა


[ციკლიდან „ეპოქა“]

განა ჩვენ გვსურდა ქვეყნად სიმდიდრე?
ჩვენ ხომ ვებრძოდით ძალმომრეობას,
ჩვენ ვქადაგებდით მშრომელთა შორის,
მხოლოდ სიმტკიცეს, მხოლოდ მხნეობას.
ჩვენ ახლაც გვინდა დაუნდობელად
ვკიცხოთ საკიცხი და საძაგები,
ქვეყნის ნათელზე გამოვიყვანოთ
ყველა შარაგზის ავაზაკები.
სარდაფში მუდამ შიმშილი გვდევდა
და არ გვინდოდა სიცივე ავი,
მხოლოდ იდეა გვასულდგმულებდა -
აი, რა არის თავი და თავი.

[1928]