შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რაც არ ყოფილა - არის...


[ციკლიდან „ეპოქა“]

რაც არ ყოფილა - არის,
გაქრა ზმანება ზანტი,
იძვრის ნისლები ბარის,
როგორც მფრინავი ლანდი.
გამქრალ დიდების ნათელს,
კოშკი იბურავს ძველი
და მთელს ვაებას ათევს...
მტრისას, წერილი ჭრელი!
ყალბი ბოჰემა, აგერ,
სივრცეს უცქერის უვრცესს,
ჰგავს ის ძაფებით ნაკერ
ძველი გაზეთის ფურცელს.
უნდა გაზომონ სივრცე,
მაგრამ რომელი ადლით?
კაფე-შანტანის გზით თუ
ბუბნის ცხრიანის მადლით?
დრომ გაიარა რაკი,
ჩადგა ქარი და ბუქი,
სწყვეტდა ათასგვარ საკითხს
აღმოსავლეთის შუქი.
შენ კი გგონია ბასრი
უთანაბრობის მკვლელი,
თანამედროვე აზრი -
მხოლოდ პრობლემა ძველი.

[1928]