შუალედი - დან - მდე
 
 


ქუხდე, გულისთქმავ!


[ციკლიდან „ეპოქა“]

ქუხდე, გულისთქმავ! სული მღელვარებს,
გული მწველ ცეცხლით კვლავ გაიმსჭვალა,
გაშუქდი, სანამ მძლავრია გრძნობა,
გაშუქდი, სანამ გექნება ძალა;
გაშუქდი, სანამ სიმნი შესძლებენ
და სიღრმეს კიდევ ცეცხლი ექნება,
მნათობნი სხივებს გადმოგაფენენ...
გაშუქდი, დიდო ბედნიერება!
არის სიცოცხლის დიდი მიზანი
და უფრო დიდი დანიშნულება:
ფერფლი არ იყოს ადამიანი,
სანამ ახარებს თავისუფლება.
ბედგანათებულს სჯეროდეს ერთი:
მზე თანაბარი კაცობრიობის,
იბრძოლოს შრომის სუფევისათვის,
იყოს მღერალი მზიური ყოფის...
და პოეზიის სიმაღლეები
ერთგულ მფარველად დარჩება თანა,
რა არის მასთან სხვა ძლიერება,
რა არის მასთან თვითონ ქვეყანა!

[1928]