შუალედი - დან - მდე
 
 


ეპოქას მოაქვს ახალი შვენება


[ციკლიდან „ეპოქა“]

აღსდგა სიმღერა! ისევ სიმღერას
დიდი სიმაღლის ააქვს რეკორდი.
შენ შეეთვისე ამ სიმაღლეებს,
შენ ამღელვარდი და ამთაგორდი.

მუდამ ეძებდი შენს სიცოცხლეში
თანამგრძნობელებს, მეგობრებს ერთგულს,
მუდამ წყვდიადში ნათელს ეძებდი,
მუდამ ებრძოდი ცხოვრებას ბედკრულს.

დაცინვას, გმობას და დამცირებას
სიმართლისათვის ქვეყნად იტანდი.
ეხლა სხვა დროა, დიდო სიმღერავ,
კვლავ გაფოლადდი და გატიტანდი.

ისევ აენთო აღმოსავლეთი,
ისევ ბრძოლამაც იცვალა ფერი.
რაც ცხოვრებაში არის სიმართლე,
დაბრუნდა ყველა და ყველაფერი.

[1928]