შუალედი - დან - მდე
 
 


ორი სიმღერა


[ციკლიდან „ეპოქა“]

თოვლიან ღრუბლებს
ლაჟვარდოვან ცის კუნძულებში
გადავაფრინეთ ჩვენ ტყვიები
ქარის ფრთიანი;
თავისუფალი,
მონავარდე, ვით არწივები
და როგორც გველი -
შხამიანი, განგებიანი.
და ცის სივრციდან მზემაც გვტყორცნა
ოქროს ტყვიები,
გადმოიშორა
მოხვეული სიგანთიადე,
ტბაში ჩაეშვა მზის სხივები
და ანარეკლად
მწვანე ნაპირზე
აკანკალდა ეს ოქროს ბადე.
ჰაერში იბრძვის ორი ქროლა:
ტყვიები ცაში გატყორცნილი
და ის ტყვიები
ამაყ ქვეყნიდან,
რომელთ ძალუძთ მგზნებარე ფრენით
ოქროს სიმძიმე მოიტანონ
ლაჟვარდი მზიდან.
ხომ ყველაფერი
შექმნილია მხოლოდ მიწისთვის,
ვერც ერთს ვერ ფარავს
დავიწყების მტვერი და ჟანგი,
შენმა სიმღერამ
შეაერთა ორი სიმღერა,
რომ ძირითადად
დარჩეს მიწის მქუხარე ჩანგი.

[1928]