შუალედი - დან - მდე
 
 


ფერადი შუშები


[ციკლიდან „ეპოქა“]

ამ ფერადებში შველა არაა,
გახალისდება, ასე მგონია,
აღმოსავლეთის ქარის მარაო,
ან გეიშების იაპონია.
აქ რაღაც უცხო ახალი ვნახეთ
გამოხვეული წარმტაც ბადეში.
ხანდახან ქალაქს უნდა გახედო
ასეთ შუშების სიფერადეში.
გადიკეცება შუაზე შუშა
გახურებული ისვრის სმარაგდებს
და სარკეებში უყურებს მუშა
აზურმუხტებულ ფიროსმარაგდებს.
ცისკრისას ოდეს შემოგცინოდეს
აღმოსავლეთი ფერებში სხმული,
იქ გადასული ოცნება სრული
ვისზე იქნება გამოსახული?
ო, მახსოვს, მახსოვს ყველაზე ადრე
იმ ფერადებში გამოიჩადრე.

[1928]