ამ ცხოვრებაში ბევრია შხამი
[ციკლიდან „ეპოქა“]
ამ ცხოვრებაში ბევრია შხამი,
დაუნდობლობა, გაურკვევლობა,
ჰოსპიტალების მოთეთრო დგამი,
სასტუმროების მარტოხელობა.
შხამი წარსულის და მოგონების,
უცხო ფარდები, უცხო მდგმურები,
დაუცხრომლობა გრამაფონების
და გაცრეცილი გრავიურები.
[1928]