შუალედი - დან - მდე
 
 


საღამოხანად, მთაწმინდას რომ დაჰფარავს ნისლი


[ციკლიდან „ეპოქა“]

საღამოხანად,
მთაწმინდას რომ დაჰფარავს ნისლი -
არაფერი სჩანს
და არავის ახარებს ქუჩა.
მხოლოდ ხანდახან,
ბღუჯა-ბღუჯად, ვით მჩქეფი სისხლი -
ავტომობილმა
გაისროლა შუქებით ქუჩა.
რა უჟამური ამინდია.
თქვენ სახლში ზიხართ,
თქვენ გაქვთ ცისფერი,
ყინულივით ცივი თვალები,
გრძელი თითები
და ხელები თეთრი, ვით თიხა,
ხართ მშვენიერი,
როგორც ყველა ჩვენი ქალები.
ნისლიან ამინდს
შვენის თბილი ნათება ბუხრის,
ღრმა სავარძელი და
კომფორტი. ასეა შიგნით:
თქვენ მიწოლილხართ სავარძელზე
და შუქი მწუხრის, -
მღერით წინანდელ პოეტების
საყვარელ წიგნით.
თქვენს ცხოვრებაში
ყველაფერი ისევ მშვიდია,
თქვენს ცხოვრებაში
ყველაფერი ისევ ისეა -
წიგნის შრიალი,
ლურჯი მთვარის გზებით მიდიან,
რაც კი ამ ქვეყნად
ოცნება და სიხალისეა.
ო, მეგობარო!
ყველაფერი ისე როდია,
როგორც სიმშვიდის
და სიზმრების ავტორს ჰგონია...
შეხედე: იქნებ
მთვარის შუქში ეხლა მოდიან
სულ სხვანაირი
გამძაფრება და აგონია!

[1928]