შუალედი - დან - მდე
 
 


ეპოქა იშვა და გაიზარდა


[ციკლიდან „ეპოქა“]

ეპოქა იშვა და გაიზარდა
სამოქალაქო ბრძოლების რკალში,
ქვემეხ-ტყვიამფრქვევთ კორიანტელში
და ზარბაზნების მედგარ გრიალში.
მოგონებანო, ხან სავსე სპაზმით,
გრძნობას რომ ვეღარ აუთავდებით,
ხან აღგზნებულო ენთუზიაზმით,
გმირული რწმენით და თავდადებით.
იყო შიმშილი არაერთი წლის,
იყო სიცივე და წყალდიდობა,
ყირიმს მიწისძვრა ანადგურებდა
და საქართველოს - უამინდობა.
ზღვისგან დალეწილს ჰგავდა ბათუმი,
მხარეს მოაწყდა მშიერთა კვეთა,
იყო კერზონის ულტიმატუმი,
იყო ჩინელი მუშების ჟლეტა.
ამ დროს, ევროპა, შენ უფრო ძლიერ
სერავდი ხალხის მძიმე იარას.
უფრო და უფრო და განუწყვეტლივ
აჟღარუნებდი მის წინ იარაღს.
ის მაშინ იყო კლასის, რომელმაც
წყენით დასტოვა ალი ქურისა
და ერთის დაკვრით გაანადგურა
შემოსეულნი ყველა ჯურისა.
მისი პასუხი არ იყო განა
არა მშიშარა და დაგუბული
ხმა საჰაერო ესკადრილიის,
მრავალრიცხოვან მოტორთ გუგუნი?
მისი პასუხი არ იყო განა,
რომ დარაზმული, როგორც მზეობა,
იბრძოდა წითელ დროშასთან ერთად
მთელი მშრომელი მოსახლეობა?
რა დარჩა შემდეგ დანგრევის გარდა?
შრომა მიეცა სხვა ამთოვრებას,
რევოლუციამ ახადა ფარდა
ამშენებლობას, ცოცხალ ცხოვრებას.
და მილიონთა მძლეთამძლეობა
კილოვატებში გაეშვა ისრად,
პასუხისგება, მოვალეობა
მრავალთან ერთად მას დაეკისრა...
არ იყო სიტყვა: „არ შეიძლება“,
ჰაის და ჰოის ხმა ხომ ქვევრია
და შეცდომებიც ახალი დროის
არის, თუმცა არც ისე ბევრია.
მაგრამ როდესაც შენდება მხარე,
როცა კულტურის ხე-ტყე მკვრივია,
ხარაჩოებში, ხე-ტყეში, მწარე
შეცდომა ზოგჯერ ბუნებრივია.
ისე ბევრია ხე-ტყეში ჟვერი,
ისე ბევრია იქ ნახერხები,
კირი, თლილი ქვა, ცემენტი, მტვერი,
ხელსაწყოები, ლოდი, ვერხვები, -
უხერხულია იქ სიარული,
მათზე გადასვლა და მიმართება.
მაგრამ შენობა მაინც შენდება,
შენობა შრომით მიიმართება.
ხუროთმოძღვარი რკინის კონებით
რომ იმორჩილებს დროის სიფიცხეს
სავსე ახალით და შთაგონებით,
იგი არასდროს არ დაივიწყებს.
და არ ივიწყებს ახლაც კი უფრო
მოაწესრიგოს სუყველაფერი,
მშენებლობას რომ არ ასცილდება
ზედმეტი ქვა და ზედმეტი მტვერი.
და მასზე ცაა გადასახული,
შენობა მძლავრი - არა მონური,
უზარმაზარი, ჯერარნახული,
რევოლუციონური...
დროა კულტურის რევოლუციის -
ყოველი ლექსი ამნაირ ხმაში
ის მომენტია, როდესაც სიტყვას
უნდა ჰფარავდეს მქუხარე ტაში.

[1928]