შუალედი - დან - მდე
 
 


ბავშვი გაზეთებში


საათმა ქალაქის კოშკიდან შვიდჯერ დარეკა,
თავის სახლის წინ ფოთლიან ეზოს ჰგვის მეეზოვე,
ცოცხს იქნევს მთიბავივით:
იყო გრიგალი წინაღამით - და აფიშები
თითქო ხელიდან დაეტაცა ქუჩის ბავშვისთვის.
ერთი ნახევი გაზეთისა გაჟინიანდა:
რამოდენჯერმე
მოედო ცოცხი, ადგილიდან კი არ დაიძრა.
გაოცებული მეეზოვე დასწვდა და სახეს
კვლავ უფრო მეტი გაოცება გამოეხატა:
მას ხელში შერჩა აფიშებში გამოხვეული
პატარა ბავშვი, საოცნებოდ პატარა ბავშვი.
აჰ, მეეზოვე! უპოვნია მას გზაზე ხშირად
ხან ძველი წაღა, ხან ცხენის ნალი, -
არ ახსოვს პოვნა ცოცხალი ბავშვის.
აფიშას ერთიც არ ჰქონდა ნაკლი,
ჩვეულებრივი მაღალი შრიფტით
იქ ცხადდებოდა ცირკი, სპექტაკლი.

[1927 წლამდე]