შუალედი - დან - მდე
 
 


* * * აგერ, ღობიდან გიცქერს...


აგერ, ღობიდან გიცქერს კამური,
გზები თეთრია, ღამეც თეთრია,
გურიის მთებში მე შემხვედრია
იგი, ლამაზი და საამური.

მდინარით რბოდა სიასამური,
ჰქრებოდა მყისვე, რაც სიმკვეთრეა.
წლები რაღაცას არეს ჰყვედრიან,
ცხრაას რვა - მწარე და უჟამური.

გურიის გზებზე მივდივართ ორნი,
ვიგრძენით მაღლა აფრენა ყორნის,
სადმე სიმშვიდე ვიგრძნო - მწყურია...

რომ არ ვისმენდე გარშემო ჭოტებს,
რომ შესაფერად გვაფენდეს ტოტებს
ამ არემარედ, რაც კამურია.

[1912]