შუალედი - დან - მდე
 
 


რა ვქნა?..


ძღვნად თავ.-ს ასულს ზ-ს

რა ვქნა, რა ვქნა, ჩემო კარგო, აბა როგორ შეგიყვარო?
სიცოცხლეო, მთლად დამიშრა იმედის და რწმენის წყარო.
სიო ჰქროდა, არემარეს შუაღამის რთავდა ბინდი,
მე დავემხე ობლად შენს წინ და სიმწარით ავქვითინდი.
ამ ქვითინით ჩემი გული სიყვარულს კი არ ეძებდა -
სულ სხვა გრძნობა მწამლავდა და სულ სხვა ფიქრი მაკვნესებდა.
გრძნობა, რომ ეს სიყვარულიც სიძულვილად შეიცვლება
და ფიქრი, რომ სიყვარული მუდმივი არ შეიძლება...
რა ვქნა, რა ვქნა, ჩემო კარგო, აბა როგორ შეგიყვარო,
სიცოცხლეო, მთლად დამიშრა იმედის და რწმენის წყარო.

1912 წლის ივლისი