შუალედი - დან - მდე
 
 


მთიბავის სიმღერა


ცელს შეხვდა მკაში
ელვარე კაჟი -
როგორც შემთხვევა, როგორც ყისმათი.
             ცელს შეხვდა მკაში
                          აჩუკი-ბაში,
ცელს გარეული შეხვდა წიწმატი!

ცელს კვლავ ხმა-ბოხი
შეხვდა კოლბოხი,
გზას აუარა.. სხვა გზისაკენ კი
            ჩნდა დახეული
                         ბალახეული,
ფესვთა ნაყარი, მწყერთა საკენკი.

იმარჯვე, ცელო,
ახლოა ლელო,
გაცელილია გზები სავალი.
            მიმოდის თივა,
                         კონები ცვივა,
რა ბარაქაა, რა მოსავალი!