შუალედი - დან - მდე
 
 


* * * როგორ გაცივდა თქვენი ოცნება...


როგორ გაცივდა თქვენი ოცნება,
როგორ დამშვიდდა თქვენი ქაფნება,
თქვენი მზე აღარ დაიკოცნება,
თქვენი გზა აღარ დაიდაფნება.

სამარე მძიმე თქვენი სულისა,
მხოლოდ სიცივით არის მდიდარი.
არც მოგონება სიხარულისა,
არც წარწერები არავითარი.

არც დაფნის რტოთა არის რტოობა,
ის სხვა ეპოქამ გადმოიკონა.
თქვენი ცრემლები და მარტოობა
რისთვის არავინ არ მოიგონა?