შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გამარჯობათ, ყანწელებო...


გამარჯობათ, ყანწელებო,
პაოლო და ტიციანო,
გრიგოლი და ვალერიან
ხიდისყურში იციანო.
გამარჯობა, ჩემო ალი,
ხმატკბილო და ხრინწიანო,
გამარჯობა, გამარჯობა,
უკვიცო და კვიციანო.
გამომდგარან პოეტები,
თვალნი დაუბრიციანო.
სიმღერა არ შეუძლიან,
სახე გამოყვიციანო.
გალსტუკებში გამოეწყო
სიმამრიან-სიძიანო,
ცხენზე შეჯდა უკუდოზე,
თვალი მიაქვ პრინციანო.
ტაში-ტუში, ტაში-ტუში,
პაოლო და ტიციანო.
ცოტა ლაგამს დამორჩილდით,
ძმობილნო და ბიძიანო,
თორემ მართლა გემართებათ
საქმე თათქარიძიანო.
ქიმერიონს გაუთხარეთ
ძირი ფუძე-ფიციანო.
ქიმერიონს ვიღა სჩივის,
გოსიზდატში გვიცდიანო.
ნელა-ნელა გაიარე,
პორტფელი არ იზიანო.