შუალედი - დან - მდე
 
 


გადაფრენა


სადაც არ უნდა ვიყო,
მე თან მიმყვება მწველი
შენს კალთებს იქით, ლიხო,
გადაფენილი ველი.

სადაც არ უნდა ვლიდეს
ეს საჰაერო გემი,
მაინც ფაზისის კიდეს
უვლის ოცნება ჩემი.

სადაც მგზნებარე ბავში,
ქარის პირისპირ ვქროდი;
ველად, ყანაში, ნავში
მდევდა ზვირთების შფოთი.

და იმ ოცნების დემონს,
რად დასცდი, რაი უყავ,
მთვარით მოსილო, ჩემო,
უძვირფასესო მუხავ!

ჩემი ბავშობის ჩანგი
კვლავ ხმებს იგონებს გრძნეულს:
ო, ეს არ არის ჰანგი -
რომელიც კარგავს სხეულს...

და იმ ნანგრევთა ხედვა,
განცდის ყოველმა წამმა,
სადაც მარხია დედა,
სადაც მარხია მამა.