შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ეს ადგილები ეხლაც ნაზია...


ეს ადგილები ეხლაც ნაზია,
[როგორც ოცნება] ძველი არიის,
ეხლაც ქართული სდგას გიმნაზია
და ვაკეები სემინარიის.

სადაც ოდესმე, ჯერ ისევ ბავში
ვგრძნობდი, რა არის ველთა ხალისი.
და ჩემთან ერთად ოქროსფერ ნავში
იყვენ ედგარი და ნოვალისი.

ახალგაზრდობის გზა გამბედავი
დაფნის რტოებით იყო ნაგები,
ყარალაშვილო! სანდრო! ნეტავი
სად გაჰქრენ ჩვენი ამხანაგები?

გრიგალი ჩადგა ძალიან გვიან,
მაგარი თქეშის დაცხრა სვეტები;
აწ დამშვიდებულ ხეებზე თრთიან
გადაღებული წვიმის წვეთები.