შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მსხვერპლად დაეცით...


მსხვერპლად დაეცით... როს ბრძოლის ზვავი,
ხალხის სახსნელად მოეშვა ავი,
სიცოცხლეს, ნებას, თავისუფლებას
და გზას ხალხისას შესწირეთ თავი...

ციხეს ხომ რკინის ჰქონდა კარები,
კანონს მტარვალის სჭრიდა ზარები,
და მიდიოდით თქვენ ბორკილებში,
და ბორკილის ხმით ჟღერდა შარები.

ბორკილს მიჰქონდა ქუხი და მეხი,
თქვენ შებოჭვილი გქონდათ ხელ-ფეხი,
მარა რა მშვიდად და რა ამაყად -
ცქერდით ამ გზების უდაბურ ტეხილს.

შუადღის მზე კი იქცა ცხელ რკინად,
მტვერი სუნთქვისთვის მოვარდა ზვინად,
და ცოცხლად მაშინ იგონებდით მათ,
ვინც ამავ გზებით ვიდოდა წინად.

ბორკილებიც რომ გახურდენ ალით,
სხეულს ჩაეჭდენ გველურის ძალით,
ქვიშას დაეცა მხურვალე სისხლი
გადმოხეთქილი იარის კალით.

ის დესპოტი კი, ღრინავს მპყრობელი,
შიშიანობის ღვინით მქრობელი,
მაგრამ განაჩენს საბედისწეროს
სწერს მასსის ხელი დაუნდობელი.

და მძლავრი, დიდი, უკმაყოფილო
აღსდგება ხალხი, გულგაპობილი,
მშვიდობით, ძმებო! თქვენ გაიარეთ
გზა ბრწყინვალე და კეთილშობილი!