შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მე არ დაგიდევ არავის ნიშანს...


მე არ დაგიდევ არავის ნიშანს,
შენ მომიცადე, დავკლავ კარგ ნიშას.

რაც კი მაქვს რამე, ყოველს გაგიყოფ,
ხელშეუხებელ ამბარს ხელს მივყოფ.

როცა მე სტუმარს სუფრას გავუშლი,
სიტყვას, სიმღერას როგორ დავუშლი.

თავს დავდებ მისი სიხარულისთვის
და სიმწუხარის კვალს კი წავუშლი.

შენ არა სთქვა თუ: ვაი, სად მოვხვდი,
მე ჭურს მოუხდელს ეხლავე მოვხდი!

მოსაწევს უკეთს მე რას მოვიწევ?
წავალ და მთელ ამ სოფელს მოვიწვევ!

ერთი გრიალი სოფლად გაისმა,
როდესაც თოფმა იჭექა მისმა.

ო, თოფო, მკვირცხლო და მარჯვევ ჩემო,
შურისძიების შენ იცი გემო.

მას მოაფრენდა ლამაზი, ლაღი,
ახალგაზრდა და თეთრი ულაყი.

ისე დანდობით უცქერდა ყურშა,
თითქო რაიმე ესმოდა ყურში.

და გაადინა რა ჭექა თოფმა,
თოფებმა იწყეს ხმათა გამობმა.

ქოხში მანოლმა აანთო კვარი
და მოსწყდა თვალთგან ცხელ-ცხელი ცვარი.

და, მოწყვეტილი მხარეს ნესტიანს,
ის იგონებდა თავის მესტიას.

მეზღვაურები გარს უსხდენ ნაცარს,
და აანთებდნენ ტყეს, როგორც ტაძარს.

- ო, მეგობრებო, გამიღეთ კარი,
თორემ ამიკლებს შავი ზღვის ქარი,

ო, წუხანდელო სიზმარო მწარევ,
ო, უბედურო სამშობლო მხარევ.

და სოფელ-სოფელ აღსავსე ლხენით
ის მიდიოდა თვის თეთრი ცხენით.

სოფლის ქალები უნდა ვატიროთ,
ბექა წასულა შორს სანადიროთ.

რქებზე ჯანღი რომ შემოიხვია,
ნახე რა რიგად შვენის, ჯიხვია.

ამაღამდელი ჩემი სადგომი
სხვენია - კიბე შემოსადგომი.