შუალედი - დან - მდე
 
 


ამბავი, რომელიცა რომა გარდახდა თავს დავით მაქსიმეს ძე ჭიპაძეს საღამოთი 24 აგვისტოს, საკანდიტერიას წინა


დავით, ოდეს დავტკბებოდი მშვენიერი სანახავით,
როს თავადი მოგეპარა გრძელი ხანჯლით, ვეფხვის ტყავით,
იმას გეტყვი, ტყუილს თუ არ დაერიდე მოლასავით,
რაც მოგივა, ჩემო დავით, ყველაფერი შენი თავით.
თავადს მორჭმულს, ხმალ-ხანჯლიანს, შვენის რხევა და ულვაში,
სახელო რომ გადიკეცა, დავითს ერთი თხლიშა თავში..
თან ამბობდა: ესეც შენა... გაგაცივა განა ტანში?
ამხელა კაცს რომ მატყუებ, თუ გგონივარ შენი ბავში?
შეკრთა დავით: ღონე არ აქვს, ჯერ არავინ დაუცია,
გაიფიქრა: გაცლა სჯობსო, ენას პარი დაუწია,
ელაქუცა, მარა თავადს ტკბილმა სიტყვამ არ უწია,
მივიდა და ჩვენ დავითას ორი ყური აუწია.
გაშრა დავით, ამ ამბავმა იგი ერთობ გააწბილა,
ყური მეტად აეწვა და ვერაფერი გაამხილა,
თავადისთვის კი საძნელო არაფერი არ ყოფილა,
თავი მერე დაანება, როცა გაჰკრა სამი სილა.
ახლა დავით გაისწორებს გალსტუქსა და აშლილ თმასა,
მე კი ვფიქრობ, ემზადება, სწორედ მოჰკლავს თავადს მასა.
ისეც ჭირმა არ შეჭამოს: უთხრა თავადს, როგორც ძმასა,
თუ ღვინოზე დამპატიჟებ, გაპატივებ გალახვასა...
სწორედ გავშრი და გავკვირდი ამნაირი სანახავით..
კაცსა გცემდენ, გაფურთხებდენ, ყურს გიწევდენ მონასავით,
და შენ მაინც არ სწუხდები ამ ჭუჭყით და ამ ნაგავით.
რაც მოგივა, ჩემო დავით, ყველაფერი შენი თავით.