შუალედი - დან - მდე
 
 


პოეზიის შემოსავლიანობა


საფრანგეთში ამჟამად
ერთად ერთი კაცია,
ვისაც სხვა პოეტთაგან
განასხვავებს ნაცია.
ცხოვრობს შემოქმედებით
ბურჟუებში სწერია -
მაგრამ სამაგიეროდ
იგი - პოლ ვალერია.

ყველა დანარჩენები,
უბრალო თუ მესსია,
ცდილობენ სხვა რაიმე
იპოვონ პროფესია:
ზოგი დოსტაქარია,
ზოგი ბირჟას ედება,
შემოსავალს არ აძლევს
პოეტს შემოქმედება.

იბეჭდება წიგნები
და აწყვია თაროზე,
გამყიდველი იქვე დგას,
როგორც მეავგაროზე,
ხალხს უჩვენებს ვარაყებს
და გვერდებს სატიტულოს...
აღარავინ კითხულობს,
აღარავინ ყიდულობს.

აღარც ჰანრი რენიე,
აღარც ალბერტ სამენი!
თაროებს გაურბიან
მკითხველთა სიამენი.
აღარც ფრანსის ჟამისას
ედებიან ერესებს,
თვითონ არტურ რემბოც კი
არვის აინტერესებს.

რაკი ძველი ევროპის
დაირღვა მთლიანობა,
რა დროსია პოეტის
შემოსავლიანობა?
და არტურიც, თუ წინად,
ლექსებით ფულს იგებდა,
რომ ცოცხლობდეს, წიგნიდან
ას ფრანკს თუ მიიღებდა.