შუალედი - დან - მდე
 
 


* * * დგომა ერთ ადგილს, კვდომაა...


დგომა ერთ ადგილს, კვდომაა,
და შემბოჭველი თოკია!
თუ წინ წაგვიყვანს - მხოლოდ ეს:
გალაკტიონოლოგია.

ნუ ეტყვი ყოველ სიახლეს:
დამეხსენ, შენ ვერ მოგიარ.
პირიქით: მაღლა ავსწიოთ
გალაკტიონოლოგია.

ვაშა, მას ვისაც ცოდნისთვის
ძალა არ დაუზოგია,
გაბრწყინდეს მეცნიერება -
გალაკტიონოლოგია.

არსებობს დარგი მრავალი,
ფიზიკა, გეოლოგია,
არსებობს დიაღ, მაღალი
გალაკტიონოლოგია.

გვიყვარდეს - რაც ნათელია,
აღმოვფხრათ რაც ხრიოკია,
ჩვენ დროშად მაღლა ავსწიოთ
გალაკტიონოლოგია.

მეხრე-ტეტია სიმონა,
და ღვიტიკელა გოგია
მალე გაიგებს, რაც არის
გალაკტიონოლოგია.

ამბობენ: აი პარიზი,
იქ კიდევ ნიუ-ორკია.
ბრწყინავს აქ, საქართველოში
გალაკტიონოლოგია.

ჩვენ პოეზია მაღალი
რომ შევისწავლოთ დრო კია,
მარადის წინ მიგვიძღოდეს
გალაკტიონოლოგია.