შუალედი - დან - მდე
 
 


* * * კარგნო კაცნო, თქვენ განსაჯეთ...


„კარგნო კაცნო, თქვენ განსაჯეთ ჩემი თხოვნა და მუდარა,
ჩვენ ამ კაცმა დაგვარბია, - მოგვკლა, ბედი გვისუდარა,
მისმა ქცევამ ბედი ჩვენი - უცვლელ ღამეს დაუდარა -
როცა ჩვენს ძმას და მოკეთეს გულს ხანჯალი გაუტარა.

ცუდ საქმეში ვიმყოფები, გთხოვთ, ნუ ჩამთვლით თქვენად შორად,
თქვენც ჩამთვალეთ თქვენად ტოლად, თანაბრად და თანასწორად.
დე, დაატყდეს რისხვა ჩემს თავს - უფრო მძაფრად ერთი ორად -
თუ გულწრფელად არ მივიღო, რასც მიმისჯით - მართლად, სწორად.

მოხდეს, როგორც დასჯერდებით, გულმართლად და უგამცემოთ,
და თუ დაბლა დამაყენოთ, უსამართლოდ მგვემოთ, მცემოთ,
გაგწყრომოდესთ, რაც კი ძალა არსებობდეს საამთემოდ -
ქვევით, ქვემო თოთანამდე და უშგულის ფრთამდე ზემოდ.

ამოგწყვეტდესთ თქვენა და თქვენ მოგვარეებს, მრავალთ მრავალს,
აწცა ცოცხალთ - და შემდეგში ყოველნაირ შთამომავალს,
მოუსპობდეს, გადუჭრიდეს ყოველ გზასა და გასავალს,
თუ რომ სწორედ არ შეხედოთ ჩემს მწარე თავ-გადასავალს“.

ასე სთქვა და კვლავ დუმილი ჩამოვარდა მცირე ხანი.
ქორა, კაცი უხუცესი - ამბობს: ეს მე აწ ვიცანი,
მორუალი ეხლა იტყვის, რა აზრი აქვს და მიზანი
საპასუხო ფიცისათვის წარსდგა ოცდაოთხი სვანი.