შუალედი - დან - მდე
 
 


ფინლიანდიის ფრონტისკენ


მატარებელთა ჩვეულნი სრბოლას,
ჩაბნელებულნი სადგურნი კრთოდენ;
როგორც ასანთი - ღრუბელთა წოლას
გაანათებდა ელვა მარტოდენ -
დიდი სახლები დიდ ქალაქების,
აგვანდენ წარსულს ნამინანქრევებს,
ძნები ნაგების და ასაგების
ბნელით დაფარულს ჰგვანდენ ნანგრევებს.
თითქო მიილტვის მატარებელი
მხარისკენ, სადაც კოშმარებია,
ყველაფერს სახე წართმოდა წრფელი,
თითქო გულს მზე არ გაჰკარებია.
ყოველს წაშლოდა სახე პირველი,
და იყო რევა უსახო მასის,
და ეს სისწრაფე ბედ-გამწირველი
დანამცეცებათ მრავალ-ათასის,
იყო დაღერღვა, რაიმე, ფანტვა,
აუარებელ გულთა დამხევი -
მთლად გადავარდნის სიმაღლეს ჰგავდა
ეს გაქანება თავბრუდამხვევი.
ერთმანეთს სტყორცნა და აურია,
სწორ ლიანების ფენით გაფისა,
მიგრიხ-მოგრიხა, გადაუარა,
სწრაფი ბოძები ტელეგრაფისა,
ისინი კრთოდენ, როგორც ეს ჩალა,
გაგიჟებული ქარით რხეული,
იღუნებოდა ჩალა და ჭალა
და იხვევოდა, ვით ბურსეული.
სადგომნი გუშაგთ და მეისრეთა,
გვანდენ ცარიელ ქროლას კოლოფთა,
ყოველი ზამთრის ქარს შეისრევდა,
ცეკვავდა, ფეთქდა და გორგილობდა.
ეს უცნაური, უგონო ცეკვა,
მანქანის ხმის ქვეშ, როგორც საზარი
დებარკადერის წამით-წამს რეკვა...