შუალედი - დან - მდე
 
 


ექსპრესი


ტყე. უსაზღვრო ტყე. მიჰქრიან ხენი,
და ჰორიზონტი ტრიალებს ჭრელი,
ვით გონდაკარგულ სივრცეზე ცხენი.
მიჰქრის მიმაფრენს მატარებელი,
შავი ვეშაპი, რასაც ფოლადის
ვერ სწევს ისარი და ლიანდაგი.
სისწრაფით სახლი სახლზე გადადის,
სისწრაფით ჩნდება და ჰქრება შმაგი.
ნივთებს, რომელთაც ისვრის ჟონგლერი,
ტრიალს, რომელსაც ვერ ასწრებს თვალი,
ჰგავს მთვარე, ხევი, მდინარე, შქერი,
ხიდი, ვარსკვლავი - და ლურჯი წყალი.
არია ყველა უხმო იმსხვრევა,
მხოლოდ მანქანის ისმის გუგუნი.
მატარებელში არ არის ტევა -
სად დაეტევა ღამე უკუნი?
მოუსვენრობა, ყვირილი, ღელვა,
და მოწყვეტილი მიჰქრის გიგანტი -
მატარებელი კი არა - ელვა,
მგზავრი კი არა - სიკვდილის ლანდი:
რა კატასტროფებს გრძნობს წინათგრძნობა,
აუცილებელს, პირდაპირს, სწორეს;
გაფიქრებასაც ვერ ბედავს ცნობა,
ვერც უბრუნდება განცდას მეორეს -
დარწმუნებული, როგორც ნათელში,
რომ დასასრული დადგება მალე.
ამ გაგიჟების კორიანტელში
ქანაობს ქარი მოხეტიალე.