შუალედი - დან - მდე
 
 


ტურა


თოვლი ეხლა მოვიდა,
როცა ცხარე რთველია -
არასდროს არ მსმენია,
თუმც რა საკვირველია!
ღომი ძირს გააწვინა,
ჩამბალია, სველია.
ღორიც ეხლა იმისი
მანადგურებელია.
ყურძენს შემოეხვია
ძაღლი, ტურა, მელია.
- ტურავ, შენ სად მიძვრები,
ტურავ, ეს სოფელია!
შენ ვინ მოგცა უფლება,
საქმე გამოგელია,
თუ ეს სახლი და ფაცხა,
შენი ხარკის მხდელია?
- აქ ქალები ამბობენ,
რომ დრო მათთვის ძნელია,
რომ ქათმები პატარძალს
ერთობ გამოელია.
მსურს ცნობა შევამოწმო,
ახალი თუ ძველია?
ეზოს გამოვიარე,
იქ სად ღობის წნელია.
იქ მსუქანი დედლები
ჯერ კიდევ სათვლელია,
მიმყავს ერთი მათგანი,
მიმაქვს ტყე და ველია.

აბა, სად დამეწევა
ბათურა და მგელია.
თუ ტურის თქმა არ გესმისთ,
მეგრულის ვარ მთქმელია:
სკანი თოფიც კაჟისა,
ჩემთვის უვნებელია!
თუ ბატონიც გვეწვია,
ეხლა მართლაც ძნელია.
აზნაურის სტუმრობა
მოგვსპობს, უეჭველია.
მთელი ხარი დავკალით,
ზროხაც ზედ მიელია:
ოუ ჩელა სი ჩერჩელა,
ჩელა, ჩელა, ჩელია!
პატარა ხბო აბღავლდა:
უდედობა ძნელია.
ეს, ვფიქრობდი, ბატონის
მასიამებელია.
პატივი ვეც, მეგონა -
საქმე ვქმენი ქველია.
მაგრამ... მეორე წამში -
ის ბატონი -
ვეღარა გვცნობს ვერავის
მკვდარია თუ მრთელია.
ვო! ცუდი დღე დაგვიდგა,
შიმშილობის წელია.