შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გათენებიდან ბაზრად ჰკივიან...


გათენებიდან ბაზრად ჰკივიან:
სადაა ქერი, სადაა ჭვავი!
ასე იყვირო - ეს იგივეა,
სთქვა, რაც არის და მოიკლა თავი.
ქალაქს ერთი აქვს მაინც იერი,
სხვა მაძღარია, შენ კი მშიერი.

არიან მთები ჩვენს ქვეყანაში,
სადაც არავის დაუდგამს ფეხი,
შენ კი ცარიელ ყავახანაში,
სად ძველი თევზი, საეჭვო ძეხვი
სასუნთქად ჰაერს აღარ განებებს,
ველით გონიდან გადაქანებას!..

თანამედროვე შიმშილის ხათრით
წამხდარ ნერვებით, გულის ტკივილით,
არც ძველს, არც ახალს აღარ შევნატრი,
ვართ ამ სიცხეში შებორკილივით -
შიშველ ტანებზე ერბოწასმული,
ბუზების ნისლით შემოთასმული.

აანთე ცეცხლი კვლავ კოცონებად,
სიცოცხლე კიდევ დარჩა მბჟუტავი,
დაუბრუნე ეს თავმოწონება,
ფიქრი განდევნე სულთამხუთავი,
ერთი წუთიცა... ერთი წუთიცა...
და გაიხსნება ალბად ხუთი ცა.