შუალედი - დან - მდე
 
 


სახალხო ფრონტი!


ჩვენს წინ იშლება შემდეგი ერა;
სახელად: დიდი, ახალი ომი.
რაღაა მისი ფარული ბგერა,
მისი სიახლის გზა, სისხლის მდომი?

დღემდე ჯერ კიდევ უსაზღვრო სარკეს
სივრცისა, იყო ხანა ანთების,
და ნაწილები ჰქროდენ ცალ-ცალკე,
მსოფლიოს მნგრევლის და გიგანტების.

მათი შეკრება სწყუროდა მხატვარს,
რომელსაც მუდამ ჰქვია - ცხოვრება.
უფრთხილდებოდა ის თავის ნატვრას,
სწყუროდა ქვეყნის ძუძუმწოვრება.

მხატვარი ნაწილთ სივრცეში ტრიალს,
ამჯობინებდა ერთად მოკრებას,
ის გამოუდგა გრგვინვას და გრიალს
და ურაგანულ აბობოქრებას.

შეჰბოჭა, შეჰკრა, გალესა ზვავი!
ზვირთთა მიწოლით, გრიგალივით მწირ
გზად დააყენა ორი - ვიზავი!!
და ორი სახე შესდგა პირისპირ..

საშინელება! საშინელება!
ერთმანეთისთვის ზიზღით უშორეს
მათი თვალების მწარე ცხელება
შესცეცებია ერთიმეორეს!

საშინელება! მწარე გახელვით
დასაბამიდან თუ ასე, ოდით
იგი თვალები სავსეა ღელვით,
იგი თვალები სავსეა შფოთით.

ო, შეაცივდა თვალები თვალებს!
ო, თვალი თვალში როგორ ეფლობა,
ერთი მეორეს როგორ აწვალებს
თვალთ დაშორების შეუძლებლობა.

ფიქრნი ისვრიან ელვათ, უკმეხი
ახალი ღელვა, ნამდვილი მითი -
კვლავ იმძაფრება მედგარი მეხი
მოახლოებულ რევოლიუციის.