შუალედი - დან - მდე
 
 


* * * უმშვენიერეს ამა წიგნში ნაჩვენებია...


უმშვენიერეს ამა წიგნში ნაჩვენებია,
ვით შეიცვალა სახე ქვეყნის ჩვენის დიადის,
იქ, სადაც წინად იშლებოდენ უდაბნოები
და ბნელი, უტეხ-გაუვალი იდგენ ტყეები.
სადაც აქა-იქ პაწაწინა სჩანდენ სოფლები,
აწ, აღმართულან ქალაქები უზარმაზარი,
წამოწყებანი სამრეწველო, სარწყავ არხების
გასახარელად ნათელი და მკვეთრი ხაზები.
და უზარმაზარ სამშობლოის ტერიტორიას
გადახლართვიან რკინისგზები ახალ-ახალი.
თვლა აღარა აქვთ ჩვენი ქვეყნის მძლავრ ელსადგურებს,
ასათასობით სოფლის არეს სძრავს ელნათურა,
ამოშრობილა ჭაობები დიდ სივრცეებზე..
რომელთ ადგილას საამურად და სასურველად
ამწვანებულან ბაღები და სათესნი ველნი,
ადამიანმა აწ შესცვალა თვითონ ბუნება.
ადამიანმა იმ ბუნების შესცვალა ჰავა,
მრავალმილიონათას ჰეკტარს მალე ტყეები
მოეფინება, როგორც სუნთქვა სასიხარულო.
რა დალევს ქვეყნად ჩვენს ძალებსა და გამარჯვებებს,
როს მივდივართ გზით, ნაჩვენებით სტალინის მიერ.
ვითარ დიდია უფლებანი მოქალაქეთა,
თანასწორია უფლებანი მოქალაქეთა.
თავისუფლების ის ჰაერი, რითაც ჩვენ ვსუნთქავთ
არსად, ო, არსად მსოფლიოში არ იპოება.
და უწმინდესი არის მარად მოვალეობა
ყოველ ჩვენგანის საყვარელის სამშობლოსადმი.