* * * მსოფლიოვ! დრო კია გააღო კარები!..
მსოფლიოვ! დრო კია გააღო კარები!
ოქროთი მოვერცხლილი, სამარცხვინო
იმპერიალისტური მსოფლიო გალიის -
ჩაგრული ერები და პროლეტარები
ევროპის, აზიის, ამერიკის და ავსტრალიის
შენს წითელ ფრთებს ელის, პირველო მაისო.
სად კლასთა ბრძოლას უმატებს ხალისს
სისხლი, ბორკილი და საბყრობილე -
შეურყევლად სდგას შენი პროფილი,
სახევ ბრწყინვალე ინტერნაციონალის!
სდუღს ეკლესიის ყვითელი ქაფი
სამოთხეებად და მდელოებად,
რომ დაეძებს სისხლს - ძირს იგი პაპი!
ძირს სამღვდელოება!!
მუშათა კლასი კი - ღამეთ მთევარი
მიწიდან სხვისთვის რომ ზიდავს ოქროს,
მილიონობით უმუშევარი
ილტვის მსოფლიო ააბობოქროს.
და ბურჟუების რიგი სხვადასხვა
ილუმპებიან ლაფში, ნაგავში,
მათი ლოზუნგი არის - თავდასხმა,
განადგურება ჩვენი კავშირის.
ჩვენი სალამი ინდოეთს, ჩინეთს,
მთელ აღმოსავლეთს,
სადაც ღელვებმა თავი იჩინეს
მრისხანე გავლით.
იქ ხომ მჩაგვრელი და მემამულე
მოსახლეობას კვლავ აცლის სარჩოს,
თუმც - სისხლითაა გზა მეწამული,
რევოლიუციონურ ალს გაუმარჯოს.