შუალედი - დან - მდე
 
 


ეს მშობლიური ქარია


I
შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
აიმართენ კოშკები
ცისა და ნესტანისა.
გახსოვს? ტოტი ქარისა
აქანებდა მთვარესა...
„ნეტა ეხლა სადა ხარ
და რომელსა მხარესა“.
მგლოვიარე ბინდებით
იბურება ყვარელი,
ვაზით და სიმინდებით
მიდის გზა საყვარელი,
სჩანს შორეულ ჩრდილების
კიდეებზე მონთება
და ომ-გადახდილების
ოხვრა მომაგონდება.
შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
ეცემიან კოშკები
ცისა და ნესტანისა.


II
ეს მშობლიური ქარია.
ეს სოფელია მძინარე.
არ ვიცი, რად მიხარია:
ვაზი, ყანები, მდინარე.
დღემ ნისლი შემოიხვია,
გზაც სიარულმა დალია,
ის - ძველისძველი ციხეა,
იქ კიდევ წინანდალია.
წინანდალს ვაზი აშვენებს,
ახმეტას - ვაშლი წითელი,
როგორ რთავს, როგორ აშენებს
აკიდოების მკიდელი.
იქ ტყეა მთვარით ქსოვილი,
ვით ლოენგრინეს სიზმარი,
ლაჟვარდით გადათოვლილი
და ვერცხლით ნათილისმარი.


III
შუქი გაიშალა,
წყალი დაიფერა,
სიო დაიბერა,
ჩალა გაიჩალა.
სიზმარს აბარია
ველი შენაფერი...
ეხლა ყველაფერი
ოქროს ზღაპარია.
არც ხმა, არც ჩურჩული,
ბინა - მინაგნები,
თვალებ-დალურჯული
თრთიან იალქნები.
ძილი მეგონება:
უცებ ქაოსიდან
მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება.

1922 წლის აგვისტო