შუალედი - დან - მდე
 
 


პური!


პური! ქარ-ბუქში წითელ დროშათ
                           გაჩნდა ფრიალი;
ძირს თვითმპყრობელი! გაისმოდა
                          ხალხის გრიალი.

პური! ისმოდა - და იგი ხმა,
                          შორეულ ნევის
ნაპირებიდან უზარმაზარ
                          რუსეთის - დევის.

მუქარით, რისხვით, წყევლა-კრულვით
                          გადანაბური -
ხევიდან ხევზე მიდიოდა
                          ძახილით: პური!

ორთავიანი არწივის  გზა
                          მოსწყდა იმ სამკალს.
იგი დაეცა. გზა დაუთმო
                          ჩაქუჩს და ნამგალს.

კვერთხის და ტახტის დამკარგველის
                          მაშინ გადია,
გულკეთილობით დადგა ზოგი...
                          და აპატია;

მან შეიბრალა, შეივრდომა
                          და მოეფერა
განცდილთ დაცემათ მწუხარებას
                          და გულისძგერას.

პური! - სიმძაფრით სცემს მშრომელი
                          უმძიმეს ჩაქუჩს,
გლეხის ნამგალი მკლავზე იწვენს
                          თავთავს მონაქუჩს.

დამაღონებელ ფიქრს მიეცა
                          ხელისუფლება,
კარგად  შეატყო საიდან ჰქუხს,
                          სად იღრუბლება!

იგრძნო ის მეხი, მისი მტერი -
                          მკაცრი მეხია,
იმპერიალიზმს მისწვდა, ყელზე
                          გადაეხვია.

განთავისუფლდა რა მომხდურთა
                          მტკიცე ხელიდან,
ეხლა მეორეს იგი ყელზე
                          ჩამოეკიდა.

ხელცარიელნი არ წასულან
                          დამპყრობელები
იმ დროს, როდესაც ნადიმობდნენ
                          უცხოელების

პატივსაცემად, მთლად აშკარა
                          და არა ჩუმი
იმართებოდა ჯერეთ სუსტი
                          ჯარის აღლუმი.

როდესაც მედგრად იღვრებოდა
                          მძაფრი კახური
და ოხშივარი ადიოდა,
                          ჯერ არნახული,

ბროწეულის წვნით შემოფერილ
                          სისხლიან წვადებს,
როდესაც ღვინოს ნაირ-ნაირს,
                          ფერად-ფერადებს,

სერავდნენ სულგუნს სურნელოვან
                          ტარხუნის მძივით,
სანამ სტკბებოდნენ იმერული
                          ღომით, საცივით,

იქ, სოფელ-სოფელ, გერმანელი
                          ემისარები
კრებდნენ რაც იყო დარჩენილი
                          და ასაღები.

გამოჰქონდათ რა პური, ხორცი,
                          ყველი თუ ხილი,
ვაშას და „ჰოხის“ გაისმოდა
                          ყველგან ძახილი.

წავიდნენ ტკბილად. შემდეგ მოჰყვა
                          მათ ინგლისელი,
ძნელად ამაყი, ტლანქი, უშნოდ
                          დარბაისელი,

როგორც შეჰფერის სახელმწიფოს
                          დიდის მბრძანებელს,
ბევრი პატარა ქვეყნის ბედის
                          დამანანებელს -

თუნდაც მსოფლიოს აიღებს და
                          ჯიბეს ჩაიდებს,
ძლიერ უბრალოდ, ისე არც კი
                          იმუყაითებს.
................................................
იქიდან, სადაც ოქტომბერმა
                          გაშალა ერა,
იმპერიალიზმს მოესმოდა
                          რკინების ჟღერა.

ლენინის რაზმი, ამღებელი
                          ყოველ სიმაღლის,
მიუხედავად სიცივისა,
                          შიმშილის, დაღლის,

წინ მიიწევდა: გამარჯვება
                          ანუ სიკვდილი!
იმუქრებოდა უცხოეთით
                          მრავალი ჩრდილი.

მოჰყვა თოთხმეტი სახელმწიფო
                          მუქარის ნებას,
საბჭოთ ორ თვეში უპირებდა
                          გაცამტვერებას.

მშრომელთა მხარეს ასაკლებად
                          მოაწყდა ხშირი
ყოველი მხრიდან დიქტატორი
                          ყოველნაირი.

დონზე გერმანელს, სამხრეთით ფრანგს,
                          ჩრდილო-ინგლისელს
ბრაზი ახრჩობდათ, რომ საბჭოეთს
                          ხედავდა ფხიზელს.

მათ დამსხვრეული გენერლები
                          მოჰყავდათ მეფის,
ატყდა ჩოჩქოლი, ხმაურობა
                          ღრენის და ყეფის.

მეორე ყაჩაღს რომ ვერ სძლია,
                          ერთმა ყაჩაღმა
წააგო ომი, ეხლა ომი
                          აქ გააჩაღა.

მემამულეთა და ვაჭართა
                          იყო ფარული
ხვეწნა, ვედრება, აღტაცება
                          და სიხარული.

ბრმა ღენერლები! სადღა იყო
                          მათი დიდება?
მათ ვერ გაიგეს დროს მიმართვა
                          და მითითება.

უგზო-უკვალოდ მიაფრენდა
                          იმათ მერანი,
სადაც ვილსონი, ლოიდ-ჯორჯი,
                          მილიერანი,

სადაც კლემანსო და ჩერჩილი
                          სწევდნენ სადავეს,
ისინი სჭედდნენ მოქმედების
                          მათის სათავეს.

რომელ იმათგანს ჰქონდა ძალა
                          ანუ გენია
დიდი ლენინის, დედამიწას
                          რომ მოჰფენია!

ლენინი, ვინაც ერთმა შესძლო,
                          როგორც არავინ,
იმ არეულ დროს წარემართა
                          გაუბზარავი

ცხოვრების გემი წარსულისგან
                          მომავლისაკენ,
სიბნელისაგან სინათლისაკენ,
                          შრომა-ცოდნისკენ!

[1941-1949 ?]