შუალედი - დან - მდე
 
 


აფეთქება


სარკეების მოელვარე
ბროლებს გააქვთ ბარბაცი,
არტისტიულს ჰფენს მთვარეებს
აბრეშუმის დარბაზი.

უშორესი გრიგალის წილ
აქ სითბოა ჩვეული,
ბედნიერი მუსიკის ტკბილ
ჰანგებში გახვეული.

ფშვენენ ვარდნი მშვენიერთა
და თრთის ჭიქათ ბროლება,
პალმის ფრთებში ელვის ჩქერთა
ღელავს გამოქროლება.

გარს მსუბუქად მიდის ზოლით,
საუბარი, გართობა,
და ქარბუქად სხვაგვარ ბრძოლით
ბორგავს ახალგაზრდობა.

საბჭოეთის უეცარი
დარბევა-გასწორებით
მეტისმეტი ბუკით, ზარით
ბჭობენ სამხედროები.

საბჭოების შესაზარი
დაჩაგვრა-დამონებით,
იმავე ხმით, აბეზარით,
ბჭობენ ვაჟბატონები.

გაზაფხულის დამდეგია -
ოცნება გამჭვირვალე,
ცამდე აჰყავთ სტრატეგია
და ტაქტიკა ბრწყინვალე.

ჩვენ ვილხინოთ, ნუ გვეშინის,
თუ მთა მთას ეჯახება.
„ვაშა ატომს!“ - ისმის ღვინის
სმაში მძაფრი ძახება.

იგონებენ ქვეყნის ბევრის
მთლად გათელილ უფლებას,
იგონებენ თავის ერის
საზღვართ გაალუბლებას.

ოცნებობენ ძველი მხარის
დიდებათა აღდგენით,
მედიდური მეომარის
ხარხარით და აღტყენით.

გენერალმა ცემით ჩასკვნილ
მკერდზე ხელი გაცვითა,
რომ იბრძოლებს უკანასკნელ
თავის ჯარისკაცითა.

და უსიტყვოდ, როგორც ჩრდილი
იდუმალი, გრძნეული,
მათ ყურს უგდებს ქალიშვილი,
სმენად გადაქცეული.

ჰქრება ჩქარა, მალე ჩნდება,
მაგიდებში მიმოდის -
იქნება რა წამოსცდება
აგერ იმ კვაზიმოდოს.

ჰკრთის ფაქიზი განათების
სხივთა სავსე სახება,
მსგავსი მისი შავი თმების
სხვა არ მოინახება.

ამ დარბაზში, სად ზვიადი
სნებაა და სახადი,
დადის ქალი იშვიათი -
ლეონარდოს ნახატი.

ღრმაა მისი გამოხედვა -
უღრმეს ზღვათა ძირია,
სად ხალისი, სადაც სევდა
და ოცნება ირევა.

მას მოესმის: ვიღაც მთვრალი
ვით ხმაურობს მტარვალი.
ქალის გული - იდუმალი
გრძნობათა საფარველი -

ღიმილისთვის ყველას უმალ
მაგრად ჩაკეტილია.
იგი დადის, ის იდუმალ
გაფიქრებათ ჩრდილია.

მას გულთან აქვს, როგორც ჯადო,
როგორც ფარ-მუზარადი,
საშიშარი, სახიფათო,
საიდუმლო ბარათი,

რომელიც სურს დღესვე, დღესვე
უსათუოდ გადასცეს,
დანიშნულ დროს, ზუსტად ისე,
რომ წამიც არ გადაცდეს.

იგი, ვისაც ქალი უცდის,
რა ხანია მოვიდა,
შორ მაგიდას თმენით უზის
კართან სიახლოვითა.

ქალს ფიქრადაც არ გაუვლის
უეცარი რაიმე -
ან რა იცის სასწაულის:
„არ წავიდეს, ვაიმე!..“

ქალიშვილი რამენაირს
უდარაჯებს შემთხვევას,
რომ უცნობი კაფეს ჰაერს
სწრაფლ არ გამოეთხოვოს.

იმ დროს უცდის ქალიშვილი
ნაზი, ყელმოღერილი,
რომ გადასცეს შეუმჩნევლად
საიდუმლო წერილი:

რომ ერთობა ის ნერგია,
რაც მომავლის ღონეა,
რომ ატომის ენერგია
საბჭოეთსაც ჰქონია...

რომ ჩანს აღმოსავლეთიდან
უტყუარი იმედი,
რომ საცაა მტრის ღვედიდან
თავს დააღწევს ჩინეთი...


სიბრალულით დაიწოდით
ფიქრით შემოგარსული,
რომ იცოდეთ, რომ იცოდეთ
თქვენ ამ ქალის წარსული.

თავშესაფრად არსაამოდ
ჰქონდა წინათ სოფელი,
ცხოვრობდა იქ უდედმამოდ,
ბედით არკმაყოფილი.

ჯიოკონდას - ამ ქალს - გზიდან
ძმის წერილი მოუდის,
ამ სოფელში ჩამოვიდა
მეგობარი მისი ძმის.

მან გამოვლო საშიშ მხრიდან
სხვა გზა აფრიკიდანა,
როგორც იქნა ჩამოვიდა
და თან ჩამოიტანა

ამჟამად შორს, სულ შორს მყოფის
უფროსი ძმის წერილი.
თურმე ის ძმა პატიმრობის
ბორკილს ჰყავს ჩაჭერილი.

თვისმა რწმენამ იმისი ძმა
ცხრაკლიტულში ჩაჰკეტა,
მას ჩაუხშეს თამამი ხმა
იმისთვის, რომ გაბედა,

და მოსთხოვა ანგარიში
თავის თავს და მხნეობა.
შეაფასა მუდამ შიშში
მყოფი მდგომარეობა.

აზრში ფეთქდა სხვა ნიავი,
საგანთ ახლად გაგებით.
და საკანში უკრეს თავი
თავის ამხანაგებით.

ეს წერილი კი მიიღო,
ქალი დარჩა კვლავ სოფლად.
მის გულში რომ ცეცხლი იყო,
არვინ ჩანდა ჩამქრობლად.

მეორე ძმას იგი წრფელი
თავდადებით უვლიდა,
ავადობის რომელს ძნელი
ხშირად ზნე მოუვლიდა.

ძმას ჩამოჰყვა, რაცა ჰპოვა
სენი ფერნაობები -
იმის შემდეგ, რაც დატოვა
უვრცესი ჭაობები.

ქალი გრძნობდა გულნატკენი -
ცრემლით, გულისტკივილით,
ვით იპყრობდა ძნელი სენი
ძმას მაგიური ძილით.

გამოუცნობ ძალთა პყრობის,
რაღაც გაუგებარი,
ეგ პროცესი ავადობის
მწველი, ცეცხლისმდებარი,

ხარბად ხრწნიდა ამ ნორჩ გზნების
სიყმაწვილის ქველობას,
სილამაზეს და მშვენებას,
ძალას და ჯანმრთელობას.

სულის ნებას, სხეულს გრძნობდა,
ვეღარ უმორჩილებდა,
ხელ-ფეხი ვერ მოძრაობდა,
კოშმარს ვერ იცილებდა.

გაშეშებამ ტანი გაჰკრა,
მხარს ვერამხრით ვერ ხრიდა,
ბედი მისი რად არ გაჰქრა,
სანამ ამ სენს შეჰყრიდა.

როსმე ცოცხალ გრძნეულების
ეშხით სავსე თვალები,
ახლა მძიმე სნეულების
ძალით განამკრთალები,

უაზრობის არის მთქმელი,
ცქერადაჟინებული -
ცივი, მღვრიე, რაღაც ბნელი,
შიშით დაშინებული.

მოსაზრება ამღვრეული,
მოსაზრებას არ ჰგავდა
და ამასაც მთლად ძლეული,
სიკვდილის წინ ჰკარგავდა.

მათ მესამე ინახავდა
ძმა, ლომივით ძლიერი.
ახალგაზრდა, ის ლომს ჰგავდა,
მარჯვე და ღონიერი.

მემამულისაგან მიწა
აღებული იჯარით,
გაველურებული წინათ
ჯაგებით და ჭინჭარით,

გააშენა, გააბაღა,
არ დაზოგა მხნეობა
და ამგვარად გააჩაღა
მცირე მეურნეობა.

ახერხებდა იმოდენა
მოსავალის მოწევას,
რომ არ გრძნობდა ჭირთა დენად
უმკაცრეს შემოტევას.

და დაიკოს მისას მარჯვეს
ჯიოკონდას, ჩინარის
მსგავსად, სხვაში გამოსარჩევ
კაბით ცნობდნენ - ვინ არის.

იმ უმცირეს ნაკვეთიდან,
რასაც შრომა სწვდებოდა,
ყველაფერის, რის მოცემაც
მიწას შეეძლებოდა -

ცდილობდა, სულ რომ მიეღო.
ბაღი ჰქონდა, ხეხილი,
ხეხილებში  ვაზი ჩარგო
ტოტებგადაგრეხილი.

ვაზთ რიგს მოჰყვა კვალი ჭრილი,
შიგ მარცვალი ჩათესა,
მოვიდა დრო და ჯეჯილი
მოსკდა უდიადესად.

თუმცა მიწის ასეთ რგებით
დამწირება ხდებოდა
და ხელოვნურ მოხერხებით
მოვლა მოუხდებოდა,

არ შესჭროდა ყანას წყრომა -
სარეველა ბალახი,
დიდი ზრუნვა, დიდი შრომა
იყო გადასალახი.

სარეველას ყოველ დღისთვის
ბარი სცემდა  პირბასრი,
რომ არ წაერთმია მისთვის
მიწის ციდა  ძვირფასი.

და ცხოვრობდნენ ასე და თან
ბევრი ზრუნვა იწვნიეს,
სანამ ის ძმა სულ ახლახან
ჯარში არ გაიწვიეს.

დარჩა ქალი შემხედვარე
თავის მომაკვდავი ძმის,
მისთვის დღეთა სინეტარე,
რა ხანია არ ისმის.

და როდესაც დამარხა ძმა,
წინ დაუხვდა ბეგარა,
გადახდის დროც, ვით წყევლის ხმა
ამ დროს შემოეყარა.

და წავიდა, გაჰქრა, ვით დრო,
მცირე მეურნეობა,
მემამულის, რომ დაეცხრო
ვალი, მძლეთამძლეობა.

აწ უსიტყვოდ, როგორც ჩრდილი,
იდუმალი, გრძნეული,
კაფეში დგას ქალიშვილი,
სოფლით გამოქცეული.

ამ წამიდან დაიწყო რა,
დრომაც გააძვირფასა
ქალიშვილის ცხოვრების გზა -
ყოფნის ახალი ფაზა,

ფაზა - სავსე უვრცეს ნების
ფართო პერსპექტივებით,
უდიადეს იმედების
უსაყვარლეს სხივებით,

ფაზა - დღეთა მომავალთა
საუნჯე და მადანი,
გამოვლენა დღეთა მძაფრთა,
მზე, ხალხთან მისატანი.

მასში ფეთქდა ფეთქვა ერის
არამცირეოდენი -
მოლოდინი ახალ ჟღერის,
განახლების ლოდინი.

ბადრი, მხნე და მოციალე,
რომ ედება ბურუსი,
ღუმელივით ღვივის კაფე,
ისმის ხმათა ფუსფუსი.

უშორესი გრიგალის წილ
აქ სითბოა ჩვეული,
თავბრუდამხვევ მუსიკის ტკბილ
ჰანგებში გახვეული.

მხოლოდ ერთი, ვიღაც მთვრალი,
არ ისვენებს მტარვალი,
მეტს ხმაურობს, რაც აქვს ძალი,
ყვირის: „ჰარი-ჰარალი“.

მალე ცხრება ჰანგი შფოთის,
კარები იფელება,
სულ მთლიანად და შემოდის
ჯგუფი უცხოელების.

ღვინო მოაქვს ბროლის ხელებს,
მაგიდას რთავს ნარგიზი,
მოენატრათ უცხოელებს
გაწმენდა, კათარზისი.

უცხოელთა გულს იდარეს,
წინ ვარდები დაიწყვეს,
მოუკიდეს რა სიგარებს,
საუბარიც დაიწყეს:

"ბრიტანეთი არის კონა
სილამაზის, წესრიგის,
რომ არ იყოს იგი მონა,
და მონა ამერიკის!"

„საფრანგეთზე უკეთესი
მე მხარე არ მგონია,
მაგრამ იგი ტვირთქვეშ კვნესის,
ვით ერთი კოლონია!“

„ეჰ! - ამბობს სხვა, - ქარი ღელავს,
სად ვარვარა სიცხეა,
გვალვა ახშობს ფესვებს ყველას,
ქვიშაც ფიცხზე ფიცხია.

მიწა გავარვარებული
სკდება, ჩნდება ხეთქილი,
უჰაეროდ სუნთქავს კრული
ზეცა პირჩათეთქვილი.

ჩემიც მკვდრისას ჰგავდა სახე,
ვერ შევეწყვე... რა გახდა,
ქვეყანაზე რა არ ვნახე,
თავზე რა არ გადამხდა.

ნატვრა წასვლის და სიკვდილის
მოჰყვა თავისთავადა,
ეხლა ბუზმა ცეცემ ძილის
სენით დამაავადა.

ვერ გავექეც ცეცხლს მგზნებარეს,
შევსვი სიმწრის სიალე,
გზა მხურვალე, კოლლას მხარეს,
ბევრი ვიხეტიალე.

მსხვერპლმა კოცონთ ბურუსების
ვპოვე მიწა ნაგები,
ბაზუნდის და  ბახთუსების -
სად ცხოვრობენ ზანგები.

კონგოს ნაპირთ, მსხვერპლნი ბედის
თეთრ სიკვდილის ტორების,
ბელგიის და საფრანგეთის
კოლონიზატორების,

შიშით რომ წყევლიდნენ დღეებს,
აქეთ გამოქცეულნი,
შერჩენიათ უღრან ტყეებს
დაღლილნი და სნეულნი.

მშობელ მხრიდან ალალბედზე
გამოიქცნენ ისინი,
თან მოსდევდათ სასტიკი მზე
და ტყვიების სისინი.

კაუჩუკის თან მოსდევდათ
მწარე ციებ-ცხელება,
თეთრკანიანთ სიხარბე და
სიცხეთ საშინელება.

რომით, ფულით, რაც ბრჭყვიალა
საგანთ შეაფერადებს,
მოისყიდდნენ თეთრნი ზანგთა
გონებაბნელ ბელადებს.

მათი მოსვლით შერჩნენ კიდეს
საცოდავი ზანგები...
ვით პირუტყვებს, ზურგთ აჰკიდეს
დასტობით ხაფანგები.

და გროვებად გზას გაუდგნენ
შორ ადგილებს ტყიანებს,
სადაც ფეხი არ დაუდგამთ
ჯერაც ადამიანებს,

იქ, სად უმოძრაო, ცხელი
და სველია ჰაერი,
სადაც სუნთქვა ხდება ძნელი,
სად არაა სხვა ერი,

შამბით მიდის ეს საზარი
ბინადარი შიშველი,
ტროპიკის ტყე უზარმაზარ
თაღად დგება მნიშველი.

მთვრალი კაუჩუკისაგან
თვლემს საბრალო კარავი,
გარეული მხეცისაგან
ყოვლად დაუფარავი.

მძიმედ დაამვადებელი
სიცხიანი მწერებით,
გაჟღენთილი არის გზები,
მწარე ბედისწერებით.

ასეთია დღე ზანგების...
ღოღავს ქვეწარმავალი,
სისხლისმსმელი ნიანგების
ბორგავს ხროვა მრავალი.

დაიღუპა იმ მზისაგან
კონგოს ის მაყრიონი -
ხუთმეტ მილიონისაგან
დარჩა სულ მილიონი.

ვინც გადარჩა, შერჩა გლოვა:
მწირმა, უბინადრომა,
იმდენი ვერ დააგროვა,
რამდენს თხოვდა პატრონი.

ცემა ახლდათ ბედკრულთ მხლებლად
ხელ-ფეხს ჰკვეთდნენ მძრახავად,
სხვათა ჭკუის სასწავლებლად,
სხვათა დასანახავად.

თუ ვინმე ხმის შებრუნებას
გაბედავდა, თეთრები
წამსვე უიარაღო ხალხს
სწვდებოდნენ გამკვეთრებით.

ვიყავ, არა მიშავდა-რა,
არც თუ ისე ტიელი,
გაჭირვების ცხოვრებაში
მოვხვდი გადამთიელი.

მე მივლიდნენ. შევეცოდე
ძლიერ შავკანიანებს,
შეცოდებით, რაც ჰკრებს ოდით
ქვეყნად ადამიანებს.

ქვეყნის მოვლით კიდით კიდე,
დაცხრილული ფეხებით,
არ შემეძლო მე ჯერ კიდევ
შრომა გულგამეხებით...“

უცხოელმა აქ ოცნებით
სიგარის ბოლს გახედა,
მთვრალი ვინმე გაოცებით
მას სინჯავდა მკვახედა.

„ო, ჯერ კიდევ არ შემეძლო
შრომა, მაგრამ ისე კი,
უნაპერწკლოდ და უცეცხლოდ,
უქმად როდი ვიდექი.

შევისწავლე პიტონების
ტყავის დამუშავება,
კოლოსალურ გველის ხორცის
დაკეპვაში ჩავები.

ცოტა მარილს მოვაყრიდი,
ვცრიდი წითელ პილპილით
და ამგვარად ვნაყრდებოდი
საღამოთი და დილით“.

უცხოელმა კვლავ ოცნებით
სიგარის ბოლს გახედა:
მთვრალი იგი გაოცებით
შეირხა, გათავხედდა.

„ჰო, ვაყრიდი ცოტა მარილს,
პილპილსაც ვუშვრებოდი,
და კერძს ასეთს, გასახარელს,
ერთობ შევექცეოდი.

ეს საუზმე მქონდა ღვთისგან
ბლომად ხელმოსასმელი,
ზედ დაგუსის მარცვლებისგან
დაწურული სასმელი“...

მთქმელი შეკრთა. მთვრალი ბაჩა
ადგა, ზეაღიმართა...
თითქმის იძრო რა დამბაჩა,
ამ უცხოელს მიმართა:

„ჰე, ვიღაც ხარ, შენი ნელი
იგრძნოს ჩემმა მაჯამა,
რის პიტონი, რისი გველი...
გველი რამ შეგაჭამა?!“

ბადრი, მხნე და მოკიაფე
ბურუსი რომ ედება,
ყუმბარასებრ გასკდა კაფე,
როგორც თავგამეტება.

მაგრამ გაჩნდა, როგორც ჩრდილი,
იდუმალი, გრძნეული,
მხნე, ლამაზი ქალიშვილი,
სმენად გადაქცეული.

შუა ჩადგა, დაამშვიდა
მყოფი სიბოროტეში,
მთვრალი იგი ხელს გაშლიდა
და იტყოდა: „ბოდიში“,

თან ატანდა: „ზეასული
ვაზი, მერე რა ვაზი!..
ცოდო არის მზე-ასული
ასე უღვთოდ ლამაზი!..“

კვლავ სიმშვიდე, გრიგალის წინ
აქ სითბოა ჩვეული,
მეოცნებე მუსიკის ტკბილ
ჰანგებში გახვეული.

ღვინო მოაქვს ბროლის ხელებს,
მაგიდას რთავს ნარგიზი,
არ მოსწყინდათ უცხოელებს
გაწმენდა, კათარზისი.

არ იმჩნევენ კაფეს ქარებს,
არც ამ ღვინოს, დანაქცევს,
მოუკიდეს კვლავ სიგარებს,
საუბარიც განაგრძეს.

მთქმელი იტყვის იმავ ჰანგით:
„შევეჩვიე სიმღერებს -
აგერ მოწყენილი ზანგი
ეშხით ყელს მოიღერებს,

სიმებიან საკრავების
სიმებს ააცახცახებს
და საყვარელ წინაპრების
მელოდიებს დასძახებს.

რა რომ ჩასვლას დიდებულ ცის
მნათი დააპირებდა
და ზღვა იდგა ჰორიზონტის
ცეცხლოვან ნაპირებთან,

ბანანების ახლო ქაფის
წყალს სძრავდნენ ნიანგები,
ათასწლოვან ბანანების
ჩრდილქვეშ იდგნენ ზანგები.

ლოცულობდნენ გულმხურვალედ
მკვდართა სულის ცხონებას,
იმ წამების მალე-მალედ
ჩანგი სცდის მოგონებას.

ელეგია ედარება
მკვდართა სულის ხსენებას,
სად სევდა და მწუხარება
უერთდება შვენებას.

ოდეს ღამე დადგებოდა
შავი, განუჭვრეტელი
და ტყის აღიმართებოდა
უბნელესი კედელი,

როცა ტყიდან იყო ბნელი
მტაცებელთა ფათური,
რაღაც გამაცვიფრებელი,
მგლური და წყვდიადური,

როს ბურუსში იყო ცამდი
პალმა, მუხა და თელა
მილიარდთა-მილიარდი
ფრენდა ციცინათელა,

როცა თითქოს ჰავა თბილი
იგრძნო ბალახბულახმა -
მაშინ პირქვე დამხობილი
ან მწოლარე გულაღმა,

მიცემული ვნების ქსელთა
ხელმხვევ გასავათებას,
თაყვანს სცემდნენ ულეველთა
ვარსკვლავთ კრიალ-ნათებას.

სივრცის სიღრმით გადმოცურდა
მათი ბადრი ნათელი
და დაეცხრო თითქოს სურდა
მიწის კორიანტელი.

და სინათლეს ღვრიდა ზანგთა
შეშფოთებულ გულებში,
რომ არს სიყვარულის კალთა
სადღაც შორ ხვეულებში“.

იგონებდა სხვა ბევრ რამეს
უცხოელი საწყალი,
რაც ქვეყნები მოუვლია,
მრავალი მიწა-წყალი,

რაც ამბები მოჰყვა ზრუნვას,
ანუ რაც უოცნია,
იმის ბედს და სოფლის ბრუნვას
სადაც გადუტყორცნია;

ბაზალტისა და ტრახიტის
კლდე მშვენიერ ბუნებით,
სად ჯოგებად ძველი მითის
სხედან მაიმუნები,

ტყეთა მძიმე ბურუსებით
დახატული სერები,
გათელილი ყვავილებით
სავსე  ჰეიზერები;

იყო ეგვიპტეში, ძვრების
ვით არ ახსოვს სუდანი,
სადაც მეფობს საკუთრების
ძალა სულთამხუთავი.

პლანტაცია, რაიც ბამბის,
თვალუწვდენელ ველებად
გადაშლილა უწყვეტ ამბის,
შრომის ამეტყველებად.

რაა ძალა მისი მკვიდრის,
რაც კი ზღვა სიმდიდრეა?..
შემოქმედი ამ სიმდიდრის
რომ ისევ ის მკვიდრია -

„ნებაყოფით“ უღელდგმული,
კონტრაქტებით ხვეული,
ათას იურიდიული
ხაფანგით მომწყვდეული.

სად ჯენტლმენი ბორგავს მწვავედ
უკანასკნელ გინებით,
სადაც ჯოგი მომუშავეთ
სავსეა მოთმინებით.

იგონებდა იმ მზით დამწვარ
წითელი ზღვის ნაპირებს,
სად მაშვრალი უდაბნოდ მყარ
ეძებს ლალს და საპფირებს;

ოქროს, ტყვიას, რკინას დიდ-დიდს,
ზურმუხტსა და ბერილებს,
დიორიტით და გრანიტით
უხვად გადაფერილებს...

ქალიშვილი მოდის, მიდის
მაგიდების წყებაში,
მოგონება შავ ამინდის
ღელავს მის გონებაშიც.

სიმწრისაა თითქო მკვიდრი
ფუფუნების სიზმარი,
ეს სიუხვე და სიმდიდრე
ასეთი საზიზღარი.

მას მიმოსდევს წინწამსწრები
სულ სხვა მხარეთ ჩვენება,
სხვა გრძნობებით და აზრებით
სხვადასხვა გახსენება.

მიდუდუნებს, მიდის ნელა
საუბარის მძივები,
ვიღაცის წინ გაიელვებს
ფართო  პერსპექტივები:

„ჩვენი მხარე დღეს თანდათან,
ძალთა გულის ნადებით,
იბრძვის თანასწორობასთან
ომის გამოცხადებით.

მზიურ გამარჯვებას ხელი
შენ შეუწყვე, მადონა,
კუნძულებში განცხრეს ბნელი,
აქეთ ვინ აბატონა?!

ვიცით - ვისიც არის რიგი -
რომ იმ მტერზე დახარჯოს
თოკი, რამაც ლამის იგი
საბოლოოდ დაახრჩოს.

კაპიტალის ჩვენის დიდის
ბრუნვა არა ბრუნვისგან.
სულ სხვა ახალ გზებით მიდის
ატომებზე ზრუნვისგან.

პოლიტიკა პირატების
და ჩარჩების შანტაჟი
ამაოდ სცდის ჩვენი გზების
შეკვრას ვიწრო ჩანთაში.

ნაძარცვავით, შრომით განა,
დატვირთული ხომალდის
მღელვარე გზამ მიიყვანა
ბევრი მხარე ომამდის.

და მზადაა რისხვით სავსე,
რომ ბრძოლაში ჩაებას,
ის მიიღებს თავის თავზე
ომის ყველა ვაებას“.

დაამთავრა სიტყვა ნელის
ცბიერ ღიმის ტანებით,
და ამ სიტყვას არა ყველა
შეხვდა აღფრთოვანებით.

როცა ყალბი ოვაციის
დაცხრა აყალმაყალი,
დგება ახალგაზრდა კაცი,
ნერვიული, მაღალი.

იგი დუმდა. იმა ხნობით,
გრძნობას რომ ინახავდა,
ნაკვთის არც ერთ მოძრაობით
ის არ გამოსახავდა.

„პატივცემულ მეოცნებეს
მინდა ვკითხო: რომელი
შანტაჟია დღეს ხალხების
ასე დამამხობელი?“

და პასუხი ისმის „ყველა!“ -
სხვა შანტაჟიც ცბიერი:
როდი არი ძველი მელა
წრფელი და ღვთისნიერი.

არ აშინებს ახალგაზრდა
კაცს პასუხი ამგვარი,
თუმც, მგონია, კაფეს გასცდა
ღელვის მძლე ნიაღვარი.

„ეხლა თქვენი ყურადღება
რომ მივაპყრო ვალია,
რანაირი დღე დადგება
ან რა მომავალია.

თქვენი უძლურება ომმა
თუ არ გამოამჟღავნოს,
ნახეთ თქვენი შემოდგომა
თავს ყორანმა დაგჩხავლოსთ“.

ხმაურობის თანდათანი
გაზრდის მიუხედავად,
განაგრძობდა ახალგაზრდა
თვის სიტყვას გამბედავად.

„ჩარჩობაზე, დარბევაზე,
სიტყვას რაც შეეხება,
ამერიკა აქ ყველაზე
წინ იდგესო, ეგება.

მიმოავლეთ ირგვლივ ყველა
თქვენი მოწყალე თვალი,
სად არ არი სახრჩობელა...
ტრუმენ“... ადგა მაღალი...

კაფემ შექმნა კვლავ ბარბაცი,
გადმოსკდა ნაპერწკლები,
ყველა, როგორც ერთი კაცი,
წამოდგა გაცეცხლებით.

იდგა ერთი მთლად შემკრთალი
უცხო, დამშვიდებული,
როს ყოველმხრივ ერტყა რკალი -
გაცოფებულთ კრებული.

მოისმოდა მძლე მუქარა,
სიტყვა შეურაცხყოფის,
დაემსგავსა კაფე ჩქარა
აფეთქებას საწყობის.

აქ უცხოელთ ამჯობინეს
რბენა თავქუდმოგლეჯით,
მიაშურეს თავის ბინებს,
მოუსვეს რა მოკლე გზით.

ქალი მოსამსახურე კი
ერთი წამით შეჩერდა,
ის დაფიქრდა და შემდეგში,
როცა მსგავსად გლეტჩერთა

ამოძრავდა სამი პალმა,
მოძრაობით ზვაურით -
ისარგებლა სწრაფად ქალმა
წევით, აურზაურით.

მაგიდებში ფიქრმორეულ
გაკრთა აჩრდილივითა,
ფრთხილად, მტკიცედ ის შორეულ
მაგიდასთან მივიდა.

და გადასცა შეუმჩნევლად
საიდუმლო ბარათი.
ამ ბარათში სჭექდა მედგრად
შებრძოლების ხმა მზარდი -

მტკიცე გადაწყვეტილება:
თუ იფეთქა ბრძოლებმა,
მტერთა თავაწყვეტილებამ
და ტყვიათა ქროლებამ,

ყოვლის გამოყენების ცდა
ჩვენი დიდი ვალია,
ჩვენი მტერი სიბნელე და
იგივ კაპიტალია;

რომ მშვიდობა ის ნერგია,
რაც მომავლის ღონეა,
რომ ატომის ენერგია,
საბჭოეთსაც ჰქონია,

რომ ჩანს აღმოსავლეთიდან
უტყუარი იმედი,
რომ საცაა მტრის ღვედიდან
თავს დააღწევს ჩინეთი;

რომ ძმურ ხალხებს არ სურთ ომი,
რომ მშვიდობა მოგვარდეს,
გონს მოეგონ - და ატომი
მშენებლობას მოხმარდეს;

მშვიდობის გზას ქებათ ქება,
ჩვენი დასაყრდენია -
უდიადეს ხალხთა ნება
და სტალინის გენია!

[1941-1949]