კლასობრივი ბრძოლა
არყის სმისა და ქარისაგან
ჩახლეჩილმა ხმამ
როგორ გველურად მიიფარა
სახეს ნიღაბი!
ღიმილით ღარიბს შესთავაზა
გლეხს გაზაფხულზე
საუკეთესო სათესური,
კარგი მარცვალი.
გლეხი, რომელიც გაჰყურებდა
თავის მწირ მინდორს -
გულდაწყვეტილი თვალებით რომ
სჭვრეტდა ბობოლას.
ბობოლა კიდევ კმაყოფილი
მოავლებდა თვალს
თავის უსივრცოდ გაშლილ მინდვრებს,
თავის ხოდაბუნს.
აჰა, ხვალ დილით საბჭოების
არჩევნებია!
ეხლა ნიღაბი მიდის სტუმრად
სხვა ღარიბ გლეხთან,
უზარმაზარი ჯიბით იღებს
უკეთეს ვაშლებს,
და ღარიბისას დაუმოსველს
ბავშვებს თავაზობს.
ეალერსება მათ, გულში ღრმად
დაფარულ ზიზღით,
მამას ჰპირდება შემწეობას,
იცოდებს, ოხრავს.
არჩევნების დროს ის მათ შორის
სეირნობს, ხუმრობს.
და არჩევნებმაც მოუტანეს
მას სიხარული -
ის აირჩიეს საბჭოს წევრად,
მან გაიმარჯვა!
ღარიბ გლეხების ორ ათეულს
დიდი ხანია,
რაც ენატრება კოლექტივად
ჩამოყალიბდეს.
დახმარებისთვის საბჭოს წევრთან
მივიდნენ ერთად.
მან არ ურჩია: სულ მთლიანად
დავინგრევითო!
მაშინ გლეხები თავდახრილი,
უკმაყოფილო,
უიმედობის და სიბრაზის
დაღით სახეზე
თავის სახლებში ბრუნდებიან
უკოლექტივოდ.
იგრძნო ნიღაბმა და სისწრაფით
მიხი-მოხია,
დაანაწილა თვის მდიდარი
ადგილ-მამული
მკვდარ სულთა შორის და უმწეო
მშრომელის სახით
გაძვრა კვლავ ცოცხლად დაარსებულ
კოლექტივში ის.
დაიწყო მისი შიგნიდან ღრღნა,
სანამ არ გახრწნა...
გამარჯვებული, უღარიბეს
გლეხის მოწმობით
შეიჭრა შემდეგ მეურნეთა
სალაროს წევრად;
შეიძრა მაშინ, ამოძრავდა
თესლეულობა,
და ტრაქტორები, ტრიერები,
გუთნები, ფული
დაიძრა წითელი ნიღაბისკენ,
ბობოლა გლეხთან.
მისი მინდვრები და ბაღები
კვლავ ააყვავა.
ღარიბიც და კოლმეურნეც
გაშეშდენ უცებ.
უკმაყოფილოდ აგუგუნდა
და ახმაურდა
კოლმეურნეთა, საშუალოთა
ახალი რიგი:
საქმე არ მოდის, ხელს არ გვიწვდის
თვით ჩვენივე ძმა!
ზურგი ვაქციოთ კოლექტივებს,
წავიდეთ ჩვენთვის!
ერთი წამი და ის ნიღაბიც
ეხლა იქვეა:
აღიზიანებს და იმავ დროს
თითქო ამშვიდებს.
და ძლიერდება გაფლანგვები,
გლეხკორთა დევნა,
რევოლუციონერეს პატიოსანს,
სდევს უნდობლობა.
ორმოცდაათი ნიღაბიდან
გადასახადებს
იხდის თხუთმეტი,
დიდი ნაწილი სიმდიდრისა
დაფარულია.
მოჯარდა წითელ ნიღაბების
მთელი არმია.
მან გადასწყვიტა და დაიძრა
ქარხნებისაკენ.
გამოაცხადა
პურის გაფიცვა.
მაშინ კი, ისიც აგუგუნდა
თვითონ გიგანტი -
მუშათა კლასი...
კოლექტივი კი ჩვენს სოფლებში
იზრდება, მძლავრობს.
შრომა ედება სიხარულით
გაცხარებული,
შავი ზღვის ნისლის შესადარად
გაფენილ ყანას:
რევოლუციონურ შინაარსით,
შემოქმედებით,
დიდის მასშტაბით უნათლესი
და თვალსაჩინო,
ხარისხობრივი მაჩვენებლით
უდიადესი!
როს უნებურად შეადარებ
შენ ამნაირ დღეს
დღეს გუშინდელს და გუშინწინდელს,
მაშინ მიხვდები,
რა უდიდესი გარდატეხის
გავიდა წელი.
ეს თესვა, ეს მკა კავშირია
მშენებლობასთან.
მის ძალღონესთან, ტვინთან, კუნთთან,
და იმის სისხლთან,
ამ დაუნდობელს და კლასობრივ
შეტაკებაში
ახალს და ახალს სიმაგრეებს
იპყრობს მშრომელი
მშრომელი მასის უდიდესი
მხარის დაჭერით
ისპობა ბნელი ნიღაბები
და პალოები.
ასეთ დღეებით სულ წინდაწინ
მიდის სოფელი
სოციალისტურ გაერთებით,
რათა დამკვიდრდეს
მიწა საერთო და საერთო
შრომა მიწაზე!
ჰა, მოახლოვდა მოსავალის
აკრეფის ხანი.
ეს ფიცხელი დრო, შემოდგომა
მოგვიახლოვდა,
ჰეი, დავიწყოთ მოსავალის
დროზე აღება.
უკლებლივად და თავის დროზე
მოვლა-შენახვა.
აბა, ვით იყო, ვნახოთ,
თესვა ნაყოფიერი,
როგორ ვუძლებდით მუშაობის
საჭირო ტემპებს?
გავაცხოველოთ მუშაობა!
უნდა მივიდეთ
ყოველ სოფლამდე და კომლამდე -
კოლექტივამდე,
დაბლობებში და მთაგორებში
იქუხე, შრომა!
მოდის საჭირო ინვენტარი?
სწვდება ბეღლები?
იჭედებიან საწყობები?
სახელოსნოებს
ქალაქებიდან ეხმარება
აქ მუშა ხელი?
აგრონომები? მანქანების
შემკეთებლები?
ჰეი, ფიცხელი დრო,
ფიცხელი დრო მოგვიახლოვდა!
რომ ფიცხელი დრო
მოგვიახლოვდა,
კოლექტივში, ქალაქის მახლობლად,
ამას გრძნობს ჩვენებაანთ ნიკა.
ის აზრიანი კაცია.
მას ყოველდღე აქვს გაზეთი
„კოლექტივიზაცია“.
სხვებთან ერთად ბაღში ცისმარე დღე
ტრიალებს ჩვენებაანთ ნიკა:
ფიცხელი დრო მოსულა,
ჰარიქა, ჰარიქა!
კოლექტივში არის ნიკა:
მიიარე, მოიარე -
კოლექტივში ვაშლებია,
და ატმები მსხმოიარე.
უამრავი კომში უდგა,
უამრავი ბროწეული,
ყველაფერი ბლომადაა
მოსაწევი, მოწეული.
მაგრამ...
გატყდა მოსვენება,
გულში გაჩნდა რაღაც კვნესა,
ყველაფერი აერია,
სამად უმზერს მაღლა მზესა.
მუხა -
ცაცხვად ეჩვენება,
ბზა -
ჰგონია წიფელი -
არ ასვენებს ეს ბობოლა,
ეს ნიღაბი წითელი.
ცხვირი უგავს მშიერ არწივს,
წარბ-წამწამი ეშმაკს უგავს,
თვალებში რომ ალმურია,
ზღვას და ხმელეთს გადაბუგავს.
ის ხან წყნარზე წყნარია,
ხანაც უდიერია,
საერთოდ კი ყოველთვის
კოლექტივის მტერია.
ძლიერ საგონებელშია
ჩავარდნილი ჩვენი ნიკა,
ამ ბობოლას, ამ სისხლის მსმელს
ვერ მიუდგა აგრე რიგად!
ამასობაში მზეც გადიხარა
საღამო მშვიდი, საღამო ნელი
გორის მიდამოს გადაეფინა
და ტირიფონის დაფარა ველი.
- გადაუძახე ცხვარსაც, ჰოდა,
ხევში გალალე -
სადღაც მთვრალის მოისმოდა
ჰარი-ჰარალე!
ღრუბელს ყელად მოელვარე
გადაუქანდა,
თხუთმეტი დღის ბადრი მთვარე
სოფლის დუქანთან.
ნელმა შუქმა ტყე-ეზოზე
ნამი მოლილა,
იქვე ნიკა მხარ-თეძოზე
წამოწოლილა.
ხედავს: ცაზე შუქთ გემია,
და ელვარებს როგორც მძივი,
მყუდროებას მისცემია
ვარსკვლავების კოლექტივი,
აქა-იქ კი, შესვენებით
და სიმშვიდით კმაყოფილი,
მიმოცურავს ღრუბელთ გროვა,
არტელებად დაყოფილი.
ეხლა თეატრში ზის ნიკა
და ხალხიც მეტად ბევრია.
მუჯლუგუნსა სცემს
თომაანთ გიგა:
„ნიკა! ეჰენდე!
შენი ფერია!“
ის არის, ნიკამ არ შეიმჩნია,
ვითომდა ისე,
არაფერია!
თეატრს ვინ სჩივის?
ისევე ხედავს,
მუქი ბრჭყვიალა,
ვით შავი ჭიქა,
თვალთ დაუბნელდა,
გაცეცდა ნიკა -
ისე არ მოსწონს
და ეზიზღება
მას ეს ბობოლა,
წითელი ნიღაბი.
თავბრუ ესხმის, ვეღარ არჩევს
რა რარიგად სწერია,
თეთრი შავად ეჩვენება,
შავი თეთრის ფერია.
თეატრი არ არის ყანა,
არც ველების ფარჩები.
მაგრამ ერთი ბობოლა ზის
ასში გამოსარჩევი.
გაუღიმა მანაც ნიკას,
შორიდან რომ დაინახა.
ნიკა ამბობს თავის გულში:
ჩემო თავო, მოკვდი რაღა!
გაბედა და, რაკი არ-რას
გრძნობდა ერთი ზიზღის გარდა,
ისევ მისკენ მიიწია,
ჯერ ადრეა კიდევ ფარდა.
მისი მისვლა
ჩვენს ბობოლას,
რა თქმა უნდა, არ იამა;
"რაზე ფიქრობ, ჩვენო ნიკა,
რა ფიქრები გაწევს დარდად?"
მის მაგივრად პასუხს აძლევს
თვით ბობოლა, კუშტად მდგარი:
"მწუხარე და დარდიანი
ეხლა ჩვენში ვინ არ არი?"
არყის სმისა და ქარისგან
ჩახლეჩილი ხმით,
ეს ბობოლა გლეხი
აბურძგვნილი თმით -
ფულს ჯიბეში ჰყრის.
სულში -
წვიმა სცრის,
ნისლიანი, ბნელი წვიმა
გიორგობისთვის...
შემდეგ ისევ იმეორებს
გარეგნულად წყნარზე-წყნარი:
"მწუხარე და დარდიანი
ეხლა ჩვენში ვინ არ არი?"
არყის სმისა და ქარისგან
ხმა-ჩახლეჩილი,
უქუდო და გულზე პერანგ-
გადაგლეჯილი -
მარიფათით
ჭორებს ჰყიდის,
აქაც მოდის,
იქაც მიდის,
დააქვს გულში დაგროვილი
თივა, ლენჭყო და ნალექი,
მოღრუბლული დღის ამინდის
ეგლისება სულში ლექი.
არყის სმისა და ქარისგან
ჩახლეჩილი ხმით
იგი ამბობს:
„დარდი რაა,
თქვენ ქვეყნისა სთქვით!“
„მაინც რაა საგლოვარი?“ -
ჰკითხავს ნიკა დაუმცხრალი.
იწყევლება იგი გლეხი,
„ჩვენს დროს დაუდგესო თვალი:
მოიგონეს კოლექტივი,
ბავშობაა, არა მჯერა,
სამ ძმასაც ვერ შეუქმნია
გაუყოფლად ერთი კერა.
რანაირად შესძლებს ასი,
და ორასი? - ვერა, ვერა!
დაიღუპოს, დაიკარგოს
ამნაირი ბედისწერა!
სოფელს ღმერთი დაავიწყდა,
ეკლესიას არ აქვს სხივი,
უთანხმობას ხალხი მიაქვს,
ვით მდინარეს მიაქვს ტივი,
ღმერთსაც ხალხი დაავიწყდა,
ამას ვნანობ, ამას ვჩივი;
რანაირად გაიხარებს
ამნაირი კოლექტივი?“
ნიკას პირზე
ღიმი მოსდის,
მოკლე პასუხს
აძლევს მშვიდი:
„ნახე ჩვენი კოლექტივი,
თუ გსურს ნახო მაგალითი“.
- რა, ნიკა-ჯან,
რა, მაგითი?
- საქმე დაყენებული გვაქ
ერთობ კარგად. სჩანს დღე-დღითი.
გლეხი მკვახედ იმეორებს:
- რა, ნიკაჯან,
რა მაგითი?
ლოცვა არ გწამს, მარხვა არ გწამს,
მღვდელს არ მისცეთ გროში-ფარა,
ცარიელი ყბედობაა,
და სიტყვები წარა-მარა.
სამი ძროხა მევე მინდა,
სამასისთვის ის არ კმარა.
უკუღმართი დრო დაგვიდგა
და დავჩუმდე? - არა, არა!
ნიკა სწრაფად აენთება:
- რა ხმალს იქნევ, ვისთვის გინდა?
ღმერთიც გადაგდებულია,
და იმისი სული წმინდა.
სხვანაირი ველმინდორი
და ყანები აბიბინდა,
გამარჯვება ღარიბისა
ერთობ კარგა დაგვირგვინდა
(სხვების თვალიც
მოხვდა რიგად;
ყოჩაღ, ნიკა!
ყოჩაღ, ნიკა!)
ნიკამ გული გაიმაგრა,
და მაგარი სიტყვაც დაჰკრა:
„ვებრძვით რიყეს, ვებრძვით ეწერს,
გარდაუვალს ვანგრევთ მესერს,
ისე ჰქონდა მესერს ძალა
როგორც ციხის მესამე სერს.
ესეც სოფელს, ესეც ქალაქს,
ესეც თქვენა და ესეც ერს.
სულ ასე სჯის კოლექტივი,
და ლენინიც სულ ასე სწერს!
აბა, ნახე ტყე და ჭალა,
მისი ძნები, მისი ჩალა.
წინად ძალა თქვენი იყო,
ეხლა ჩვენი არის ძალა.
ღობის ძალაც დიდი იყო,
წნელში წნელი გაიყარა,
გაძვრებოდა მხოლოდ შუქი
და ნამცეცა ღობემძვრალა.
თქვენ ამბობდით: რას დააკლებს
ღობეს ძაღლის ყეფა ავი,
ძაღლიც კი იცავდა ღობეს,
როცა ღამე იყო შავი.
შენც რომ ჩამოგიკიდნია
შენს მესერზე ცხენის თავი -
ღობეს თვალი არ ეცესო?
თვით სოფელს კი გასძვრა ტყავი!
ნიკას სხვებიც მიეშველნენ:
- რამდენ ბოროტს და სულ-მდაბალს
მოსვენება არა ჰქონდა,
რა ნახავდა ღობეს დაბალს!
ნიკა უფრო გულს მიეცა,
გამოუდგა ღობის ამბავს:
- იყო ბრძოლა ღობის გამო,
არა ერთხელ ღობის სარი
ტრიალებდა იარაღად
სასტიკი და აბეზარი.
თქრიალებდა სისხლის ღვარი.
იდგა გლოვა, იდგა ზარი,
სასტიკ მიწევ-მოწევაში
ხმაურობდა ჯარზე-ჯარი.
ორღობიდან ორღობემდე
იგერებდა ძალას-ძალა:
„ჩემი კერძო საკუთრება
ნუ გგონიათ ალა-ალა!
ისევ ნუგზარ ერისთვიდან
ჩემი იყო ტყე და ჭალა“.
იქვე მყოფმა ერთმა გლეხის
ქალმა სიტყვა ჩაუმატა:
- ისევ ღობე? ვითომ რათა?
ბობოლების სისხლი მაინც
რომ არასდროს იკარგება?
ბევრს სურს კოლექტივში შესვლა,
მაგრამ ეს არ ევარგება.
სწრედ კი აჯობებს მათი
გაძევება, აბარგება,
ამოსუნთქვა ვერ მოასწრონ
და ვერც დალაპარაკება.
მაშინ იმ ღობის ამბავიც
სხვაფერ შემოიქარგება.
მაგრამ არ გვაქვს თქვენი შიში,
სთქვი, რაც გინდა! კი გაქვს ნება!
არყის სმისა და ქარისგან
ჩახლეჩილი ხმა
გულმოსული მიმართავს ქალს:
- ვითომ რა გსურს თქვა?
ვითომ რა გსურს გამოხატო
სიტყვასა და სიტყვას შუა?
კარგად ვიცი, შენ რაც გინდა,
მაგრამ ვინ სთქვა ქალის ჭკუა?
რა გამოვა იმისაგან,
როცა თმებმა გააბრუა?
ქალი გამოსადეგია
მხოლოდ როგორც საყვარელი,
ერთი მაინც უნდა გყავდეს
და მეორეს აღარ ელი.
თუ ტირილი წამოგიწყოს,
პირზე დააფარე ხელი,
უთხარი თუ რა გატირებს,
არა გიშავს არაფერი,
ქალაქს წავალ, წამოგიღო
საჩუქრების წყება მთელი.
დამიჯერე, ნუ ხარ ეგრე
ჭკუა მოკლე და თმა-გრძელი.
ტირი - როცა ბედი გიწევს,
ხარობ - როცა გიკბენს გველი;
ქალი ქმარის მონა იყოს,
ოჯახს არ გაუშვას ხელი,
პური აცხოს, ქვაბი რეცხოს,
რიგზე ეწყოს ყველაფერი,
შენ კი აგერ, ამ თეატრში
გამოსულხარ და რას მღერი.
- უკაცრავად ძლიერ თქვენთან,
- მიახალა წამსვე ქალმა. -
ქალი ეხლა სხვა გზას ადგას.
ის მომავალს მიესალმა.
იგი საზოგადოების
ერთგულია მშრომელი,
ბოსტანი თუ მიატოვა,
გახდა მიწის მზომელი.
ეხლა - საბჭოს წევრია,
კოლექტივშიც ვარგია,
ყველგან თავმჯდომარეა,
ყველგან ამხანაგია.
თქვენ ტყვილა გაიძახოდით
ქალის ჭკუა სუსტიაო.
მისი თმების სიავკარგე
ვის არ გამოუცდიაო.
ეხლა ნიკამ ჩაახველა:
- ქალს რას ერჩი? მე მითხარი!
მღვდელსაცა და ბობოლასაც
ჭილოფშიც კი იცნობს ყველა.
ვიცი, ჩვენთან გინდა მოსვლა,
ხუმრობაში ნელა-ნელა,
კოლექტივში ამნაირი
კაცი მოხვდეს, როგორ, ბნელა?
არყის სმისა და ქარისგან
ჩახლეჩილი ხმა განაგრძობს:
- შენისთანა ცხენს შეისვი -
ცხენიდანაც გადმოგაგდებს,
ჩემი მოჯამაგირე რომ
თავის ბატონს არად მაგდებს?
შენ ქვეყანა გააშენო?
ისემც ღმერთი ამოგაგდებს!
მონა მონად გაჩენილა,
იგი ვინ სთქვა ამხანაგად.
თუ საომრად გამოდგება,
გაუტიე ჯორთ ბანაკად.
და მერე თავს გაუვიდა,
სითეთრესაც აქცევს ლაქად,
წყეულ იყოს მისი ბნელი
მოსვლა სოფლად და ქალაქად.
ამხანაგად შენთან კი არ,
ერთმანეთს ვერ ურიგდება,
ერთ შეჭამანდს ვერ გაიყოფს,
არ აქვს ერთი ყურიგდება,
რომ გახედო თქვენს კოლექტივს
ერთობ გული მოგიკვდება,
თქვენი ყანა და მიდამო
მოუვლელად ლპება, ხმება.
ნიკა ამბობს: - ხუმრობ შენა,
ატარტალე კიდევ ენა...
ვინ გადასწვა ჩვენი თივა,
შავი დღე ვინ გაგვითენა?
მიპასუხე, აქ რო დგეხარ,
ნამყენი ვინ აგვიჩეხა?
სიცოცხლეში არ მინახავს
შენისთანა მავნე გლეხი,
მხარზე ნაჯახს რომ გაიდებ
სხვა მხრით გადაგცდება ფეხი.
იმ ფეხსაც არ აუჩქარებ,
თუნდ დაგეცეს თავზე მეხი,
თორე ეხლა აქ რა გინდა,
რისთვის არ დაიდგი კეხი?
გონებიდან არ გშორდება
ძველი ყანა და ფარეხი?
ჯანდაბამდის გზა გქონიათ,
აი, მტკვარი და არაგვი,
დაინახე მოსავალი
და ის აალაპარაკე.
ულეველი მისი დენა
ერთხელ დაიღვარა რა-კი,
არის მხოლოდ კოლექტივის
უხვი განძი და მარაგი.
რა ესმოდა მათ ღარიბის
და ჩაგრულთა ბრძოლა-კვნესა?
ზოგის აზრით ხალხს თუ იხსნის
მხოლოდ წირვა ეკლესიის.
თუ მორწმუნე ეზიარა,
და ემთხვია კარის ბჭესა,
ის აღსდგება, როგორც ქრისტე
აღსდგა მესამესა დღესა.
ამნაირი ქადაგებით
ხომ გამოდის პაპი რომის.
ყველამ იცის განზრახვები
იმ სულმყრალის და ქვემძრომის,
ვითომ ქრისტეს მოციქული,
ნაშთი ჯვაროსანთა ტომის,
ეს ზეზეურ წაწყმენდილი,
მნატვრელია ახალ ომის.
არყის სმისა და ქარისგან
ჩახლეჩილი ხმა,
მთლად დაიბნა, აირია,
ვერაფერი სთქვა.
სასიკვდილო ჟრუანტელი
უვლის ტანში მწარე შიშით,
თეატრში არ წამოსულა
ის ამნაირ ანგარიშით,
მას კი სურდა აქ გართობა,
მაინც ბობოლაა ჯიშით.
იქვე იდგა აზნაური
ჩამომხმარი, ფერშემკრთალი,
ეხლაც სახლში უკიდია
მოკაუჭებული ხმალი.
ვახტანგ მეფის კანონებზე
ენაცა აქვს იმნაირი;
ძლივს ფეთქს გული მიმავალი.
ხერხემალი, ქედმაღალი!
ეს სურდა მას გაეგონა,
აქ კი აურზაურია:
მოსცხე თავად-აზნაურებს,
მღვდლებსაც აურ-დაურიე!
ბობოლაც და აზნაურიც
ამ ჭირში ვინ შეათრია?
- დაღუპულა საქართველო
თუ რომ ესეც თეატრია?
აგერ კიდევ ნიკა ამბობს:
- შორს არაა ის დრო, როსაც,
არა მარტო სოფლის საზღვრებს,
საზღვრებს წავშლით მსოფლიოსას:
საზღვრები დიდი ღობეა,
მუდამ გეჭიროს თვალყური,
ლოზუნგი მისი დანგრევის
მასსიურია, ხალხური!
აქ ბობოლას მოეჩვენა -
იძრა მიწა, გასკდა ქურა,
წამოვარდა და სისწრაფით
კარებისკენ მიაშურა.
ვაჭარს მიჰყვა კრუხის პალო,
კრუხის პალოს აზნაური,
აზნაურის შემდეგ მირბის
ანაფორა უცნაური.
მოცხრილეს და უკან მისდევს,
ხალხის ხარხარი და მეხი,
ამის შემდეგ მათ თეატრში
აღარ შეუცდებათ ფეხი.
მხარი მხარს, მხარი მხარს,
კოლექტივო, მხარი მხარს!
აბა, ჰე, აბა, ჰე!
აბა, მივსცეთ მხარი მხარს!
ჩვენ ვიბრძვით - იქცეს ტყე-ველი
ინდუსტრიალურ ბაღებად,
გზად იქცეს მიწა ვერანი,
შენთან კი შეულეველი,
ისევე გულწასაღებად
ჰყვავის და ჰყვავის გერანი.
გერანი - როგორც გერანი!
როგორც გავლილი ანბანი,
წიგნშიც ფერადი ზონარი.
იგი დრო მოუსვენარი,
ის სუმბურული ამბავი
აწ მწარედ მოსაგონარი.
მარხავდენ პოეტს წერეთელს.
დრო იყო... და თავადების
სახეს ჩნდა: „იგი ჩვენია.
შვენება იმერეთისა,
ჩვენის მზის გულის ნადების
და განზრახვების გენია!“
აჰა, თქვენია! იმ ავტორს
ხალხი აცხადებს მამადა,
ვინც ბევრჯერ მისცა თაკარა.
ის ხალხი, ვის ოცნებაა -
ღვინო, ქალები, ჭამა და
ჩაცმა-დახურვა, ბაქარა!
ჭირისუფლობენ: დავკარგეთ,
ვაი, რა მზეო, რა განძი!
და გლოვის რთავდათ შავები.
გონებაში კი, ავ-კარგად,
თასი გადადის და ყანწი,
ძაღლები, მოურავები.
მუდამ რომ ეს მუქთახორა,
ეხვია პოეტს იმნაირს,
ვის მსგავსად ხდიდენ ტიტანთა,
რისთვის კარი არ დახურა?
როგორ იტანდა იმ ჰაერს?
მაგრამ ვგრძნობ, რომ ვერ იტანდა!
აჰა, ეს ეზოც, შევედით.
სვეტებს გადაჰკრავს იერი
მრავალი ნასასახლარის.
ერთი დგას თეთრი დევივით.
სხვა სახლიდან კი ცბიერი
სული გამოდის მაღლარის.
სდგას მზარეული ჯერისა,
თეთრი ქუდით და საფარით,
ხის ტოტებს სჭრიდენ გლეხები.
აქ ბატონყმობა ჯერ ისევ
არ იყო ძველი ზღაპარი -
სხვა ზღაპრებს მე არ ვეხები!
როს ფეოდალმა ძლიერმა
ეს საძირკველი ჩაჰყარა,
სძარცვა გლეხობა და ვიდრე
იცოცხლა - იბედნიერა.
გარდაიცვალა ჭაღარა
და დარჩა მსგავსი მემკვიდრე.
ბოლოს მოვიდა მწერალი,
როგორღაც შთამომავალი,
ასცდა წინაპართ ლიანდაგს;
მან მოიტანა ლექსები
და კარგი შუქი მრავალი
მისცა ამ ბოროტ ნიადაგს.
შევედით შიგნით. გულს ადევს
პოეტის ცხედარს ჯვარი და
მას კრძალვით ეამბორება
ჭრელი და ფერად-ფერადი,
ხალხი შიგნიდან, გარიდან,
აწ გადასული ცხოვრება.
მოხდაო უბედურება!
რა ჯამაათი: რა ჯარი!
რა მზა ვაი და უია.
როგორი მედიდურება,
სიდან მოსული ვაჭარი,
რა ყალბი ალილუია!
დაცინვა! შეურაცხყოფა!
მართლაც რომ ნამეტანია!
არ შემიძლია, გავრბივარ!
და ჭიათურის მთათ წყობას,
იმ შავ-ქვას, რაცა ხანია
გავყურებ, თითქო ხარბი ვარ.
უცებ მოვკარი ძირს თვალი,
იქ, სად ტყეა თუ ვენახი,
რომ ვერ ამჩნევდა ვერავინ,
იდგა ასოცი წლის ქალი.
მის გვერდით შენ დაგინახე
ხელში სახსოვარ გერანით.
შემდეგ შენ იდექ ცერებზე,
გერანიც სცემდა გრძნობაზე,
როს მაღალ სიტყვებს ისმენდი.
ლომურზე, უდარებელზე,
პოეტის გარეგნობაზე -
ყბედობდა ინტელიგენტი:
„იყოო გვარი ზე კაცის,
რუბენსის, სენატორისა,
ამ დინასტიურ მფლობელის,
მღერალი იყო ეგა ცის,
სახება ღმერთთა, სწორისა,
სხივი მზის მანათობელის“.
ეს იყო მაშინ, გარეშევ!
მაგრამ მაშინდელ მგლოვართა
დღეს არ სჩანს გამჭვირვალე ცა,
დღე სწრაფი, დრო ანგარიშის
შეუბრალებლად მოვარდა
და ყველაფერი დალეწა.
ასწი ელექტრო-სანთელი,
რამდენი ნამუშევარი
გვაქვს კიდევ შესათავები!
ბორბლების კორიანტელი,
გვეძახის: „აბა, მდევარი!
დაიკარწახეთ მკლავები!
სანამ ახალის შენებას,
ვერც კი მოასწრებ გადათქმას,
ისეთი ტემპით ვუდგებით -
დაჰკარი, როგორც ჩვენებას,
მტრის ყოველ ფეხის გადადგმას,
მძლედ! თორემ დავითუთქებით!“
ქარხანა გაოგნებულა,
ჩვენ ჩაქსოვილი ვართ ხმაში:
„ყოველ მახვილზე - მახვილი!“
სცემს ურო და შეგნებულად
ნაანგარიშევ დარტყმაში
ხუთწლედის ისმის ძახილი.
ეხლანდელ პოეტს, მასა გვწევს,
რომ ლექსი ცეცხლის მფენელი
დაკვრის სიმაგრეს უძლებდეს.
დარტყმას დარტყმაზე თანა სდევს,
სწორი და შეუცდენელი
ხმა: „ნაწილი ვარ ხუთწლედის“.
[1930-1935]