შუალედი - დან - მდე
 
 


იგი-ომია


ნუ ქვითინებს ჭიანური,
დააჩუმეთ თარი,
არაადამიანური
ავი დარის დარი.
ო, ნუ მღერი! როცა მღერი,
ზღვები, მთა და ბარი,
ყველაფერი, ყველაფერი
თითქო რიგზე არი.
თითქო მწარე ფრთებით მძლავრი
ქარი გულს არ სცემდა,
განუყრელი თანამგზავრი
ხეტიალთა ჩემთა.
არ ყოფილა თითქო ბნელი
ძნელი ღამის კალთა,
თანამგზავრი განუყრელი
ჩემთა ხეტიალთა.
დააჩუმეთ ჭიანური,
ნუ ღუღუნებს თარი,
არაადამიანური
ავი დარის დარი.
მაგრამ, ჩუმად, ო, ეს რაა!
მწარე, ძნელზე ძნელი,
გაილანდა ათასცხრაას
მეთოთხმეტე წელი.
შემდეგი წლები.
სანგრები.

საგუშაგოზე სდგას ჯარისკაცი,
ღამეა. ყინავს.
სადღაც ორკესტრის ისმის კისკასი,
სადღაც მზე ბრწყინავს;
აქ კი სახლის წინ რა ამინდია!
კედელზე შუქად,
ლურჯ ხაზებად და ტბებად ჰკიდია
ევროპის რუქა.
და ჯარის კაცი რუქის ლურჯ ხაზებს
თითებით სინჯავს.
მახლობელ სანგრებს ყინვა აბრაზებს,
და აი, დინჯად:
ტრანშეებიდან ამოდის ორი,
შემდეგ მრავალი,
ჯარისკაცების აჩრდილი შორი.
სჩანს მომავალი.
დახეულ ჩექმებს, დაღრღნილ ფარაჯებს,
დაცვეთილ ქუდებს,
ქარის და ყინვის ფრთა უდარაჯებს,
და გულს ამტუტებს.
უცებ სანგრიდან ამოდის ბოლი,
ქარი დაუბერს:
ველების სივრცე და მთების ზოლი
ისმენს საუბარს:
- განა ეს არის ტანისამოსი?
მხოლოდ ჩვრებია!
- აჰ, მეომარო, ბედის ნამუსი...
გაგკარებია?
- დაცხრილულია ფარაჯის ტევა,
ტყვიების დროა.
- სადაც კი გავწევ, იქვე ირღვევა -
ისე ვიწროა.
- ჩემი ფარაჯაც სრულია მეტად.
წყევლა ამ ამბებს!
- ო, ეს შარვლებიც მთლად დახრულია!
ვითომ დაბამბეს!
- თქვენ გეცინებათ, აი სიმრუდე...
სხვა რაღა გვატკბობს?
- საოცარია, რომ ეს ცხვრის ქუდიც...
ვითომდა გვათბობს...
- თქვენ გეცინებათ ეს სისასტიკე?
რომელიც ანგრევს...
- სოფლებს, ქალაქებს, ანგრევს და იგებს!
წყევლა ამ სანგრებს!
- ყინვავ, გეყოფა ასე ანცობა!
არ გინდა ბინდი?
- ეს ქარიშხალი რამ გააცოფა!
ოჰ, ოჰ! გავყინდი!

საგუშაგოზე სდგას ჯარისკაცი;
ვიღაც სწერს წერილს.
ვიღაც გულაღმა მწოლარე ცას
შესცქერს და მღერის:
„არ ბრწყინვალებ, არ ენთები,
გათენდი თუ გათენდები,
ღამევ ბნელო.
შუამთაზე ნისლი არის,
ათი მთა რომ გადიაროს,
ტყე და მდელო.
ეს სიცივეც არეს ჰყინავს,
ცხრა ღამეა, რაც არ გვძინავს,
მთიდან მთაზე,
თხრილში გვავსებს თოვლის მტვერი,
არც მოძმე სჩანს, არც სჩანს მტერი,
და ვართ ასე“.

- რა დაგმართია, კოჭლობ, ძმობილო?
- ვკვდები იარით.
- აბა, რამდენი გზა კარპატების
გამოვიარეთ.
- მერე რა ცუდი და გრძელი გზები,
ტალახი, ბანდი.
- შენც ხმა წაგსვლია, დახრინწიანდი?
- დავხრინწიანდი!
- რას იზამ, ეხლა საბნების ნაცვლად
ყინვით ნაღები,
ბევრს ნიკოლოოზ მეორის ხურავს
ბაირაღები.
- მომე „მახორკა“, დამიცხრეს დაღლა.
- ინებე, იახში.
- ო, გავიყინე! კარგია ახლა...
- სოფელში? სახლში?
- კარგია წყაროს წყალი გემოთი,
სუნთქვა სიოთი.
რომ მივდიოდი და ვეცემოდი,
კვლავ მივდიოდი.
ზარბაზნების რომ ატყდა ქუხილი,
გრგვინვა და ჭექა,
მე ერთადერთი მქონდა წუხილი -
სოფლების დეკა...
შორს ერთადერთი ენთო სანთელი
ბაღის ტოტებით,
აქ კი გრიგალი, კორიანტელი
თავგამოდებით.
- სოფელში თურმე ხვალ თუ ზეგ პური
აღარ იქნება.
- ბავშვებს შიმშილი ხოცავს უჟმური.
- ამდენი ვნება?
- ეს ყველაფერი ომის ბრალია,
ომის ხიწვია.
მახსოვს, პირველად სოფლიდან  ომში
რომ გამიწვიეს.
ეგდო კიბეზე ოქროს კანკელი,
ჩამავალი მზე ლურჯი ხელებით
და ღრიანკელი,
ცად მიმავალი ცისარტყელებით,
უდარაჯებდა ცელქი ბეღურა
შურიან კატას ბოსტნის კარებთან,
სოფელს ეხურა
საღამოს ჩრდილი და მდუმარებდა.
დროით აფრინდენ ხეზე ქათმები,
დაუცხრომელი დაცხრა მერცხალი.
იდგენ ატმები.
გამოჩნდა კვარი და ნაპერწკალი,
გადაქცეული ცისფერ გრძნობებად,
საღამოს ბოლი ბედნიერ სოფელს
ემშვიდობება...
ემშვიდობება ნაცნობ-მეზობელს.
ვიღაცამ ქოხის გააღო კარი
უხელოდ, უხმოდ, სუნთქვა დამალა.
ეს იყო ქარი,
ეს იყო მისი ბინდის ამალა.
და დავინახე: ახალი ზვარი,
მახლობელ სახლზე დამტყდარი კასრი,
ეს იყო მთვარე,
მისი ნელი ფრთა და მშვიდი აზრი.
შარაზე, ჩუმი ხეობის თავში
გვიან ტირილით მიდის ურემი.
კითხულობს ბავშვი:
- საით მიდიან ჩვენებურები?
არც ნისლიან დღის, არც ამიდიან
ან უამიდო დღის მოკრძალება,
საით მიდიან?
კითხულობს ვერხვის აშრიალება.
მშვიდობით! ვიგრძენ, რომ აღარ არი
ბედნიერება გრძნობა მდებელი,
დარეკეს ზარი -
მსოფლიო ომის მაუწყებელი.
ახლა? როდესაც მზე კვლავ ამოვა,
ის გააშუქებს სხვაგვარ თაობას,
ცხედრების გროვა
ცვლის მიუწვდომელ სანახაობას.
საცაა,  ასე გაზრდილი რიცხვი,
ვით მეზღვაურნი ტალღათა შორის,
დაჰკივლებს რისხვით
და  ეკვეთება ერთი მეორეს.
მაგრამ მოვა დრო, იგრძნობს იარას
და ახალ გრძნობას შეაშენდება.
დაჰყრის იარაღს,
რადგან ერთობის დროა, თენდება!

- მოვა დრო, ჯარი დაჰყრის იარაღს,
იშლება გროვა.
- ჯერიც სხვაც ბევრმა გაიზიაროს.
- ო, ეს დროც მოვა.
გეთაყვა, კითხვა ვერ ვისწავლე ჯერ,
ვიცოდე ნეტა.
მაშ, წამიკითხე, აბა, რასა მწერს
მოხუცი დედა.
მეორემ სწრაფად გახსნა ბარათი:
„ძვირფასო შვილო,
მომკლავს მე შენი ხსოვნა მარადი,
ღამე უძილო...
უკაცო სახლზე გრიალებს კოხი,
ცეცხლი ძლივ ღვივის,
ლამის სულ თავზე დაგვენგრეს ქოხი,
მაგრამ ვინ სჩივის, -
შენ დამიბრუნდი ჯანმრთელი გმირი.
არაფერია.
ეს ძღვენიც მცირე, რასაც გიგზავნი,
შენი ჯერია...
ო, შვილო, წერვა არ მისწავლია,
თუ არ დაღალდი...
რომ დამეხმარო, შენი ვალია...
ჩემი ქაღალდი...“
ამ დროს ვიღაცა დაიწყებს ნელა,
აბარბაცებით -
და ამ სიმღერას აჰყვება ყველა
ჯარისკაცები.

„არ ბრწყინვალებ, არ ენთები,
გათენდი თუ გათენდები,
ღამევ ბნელო.
შუამთაზე ნისლი არის,
ათი მთა რომ გადიაროს,
ტყე და მდელო.
ეს სიცივეც არეს ჰყინავს,
ცრა ღამეა, რაც აქ გვძინავს,
მთიდან მთაზე,
თხრილში გვავსებს თოვლის მტვერი,
არც მოძმე სჩანს, არც სჩანს მტერი
და ვართ ასე!“

ღრმა სიბნელიდან მოხუცი ქალი
გამოდის ჩანთით.
მან ჯარისკაცებს მოავლო თვალი,
„აჰ, თქვენ არ სჩანდით“.
და სანთლით ხელში ათვალიერებს
სანგრებს და ჯარებს.
და ჯარისკაცებს, მაგრებს, ძლიერებს,
იპყრობს დუმილი.
საბრალო ქალი! შავებითაა
იგი მოსილი,
შორი კუთხიდან, მრავალ წამებით
არის მოსული.
თვალებში ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს,
როგორც მორიგი
ვეებერთელა ფრონტზე თავის შვილს
დაეძებს იგი.
- მე დავინახე იგი სანგრებში,
ის შვილს ეძებდა,
ის ხშირად მოკლულ ჯარისკაცებში
თვალს აცეცებდა.
მას არ ჰქონია გზა მოთაფლული,
გზაა საზარი,
ჯარი მიწაში არის ჩაფლული
უზარმაზარი.
მაგრამ, ჩუ, აგერ, ისიც მოვიდა -
მოხუცი ქალი;
მან მხოლოდ ერთ ჯგუფს მრავალ გროვიდან
მიაპყრო თვალი.
- იქნებ იცნობდეთ, შვილო, გეთაყვათ,
ან გაგეგონოსთ,
მოჰკლეს, დამარხეს [თუ] სხვა ჯარს გაჰყვა
ის ჩემი შვილი?
დიდი ხანია არ მიმიღია
მისგან წერილი,
დარდებით გული მაქვს დასერილი,
მოვკვდი, ვეწამე!
ტანზე ფარაჯა ძველი აცვია
რუხად ნაფერი,
ერთი საწყალი ჯარისკაცია,
სხვა არაფერი.
- არა, დედი, არ გაგვიგონია,
- არა, სწორებით.
- დამაცა, ვცნობდი სადღაც მგონია,
იქ... მოშორებით...
ვინ იყო? სიდან ან რა კაცია,
ვინ და რაფერი?..
- ერთი საწყალი ჯარისკაცია -
სხვა არაფერი!
- არა, დედი, არ მოგვისმენია.
- დაღალული ხარ, ჩამოისვენე.
- სანამდე ვინმე შვილს არ მაჩვენებს,
მანამ ქვეყნად მე რა მომასვენებს!

ო, ცეცხლო, ცეცხლო!

გადაბიბინება,
ცეცხლო, შენმიერი,
ალთა ხვეულები
სოფლებს მიანებეს,
ქვეყნად იფინება
მაინც მშვენიერი
მკვდარი სხეულები
ადამიანების.
ხშობით საშინელით
თხრილში ჩაჩრილები,
ნისლი მორგებია
სახე ფითრებული,
ახლა საშინელი
გროვა დაჭრილების
თითქო მორგვებია
დასახიჩრებული.
მინდვრის ბალახები,
იგრძნობს ადამიცა,
ამეტისტებიან
ხეთა ჩეროები,
მოდის ქალაქები,
მოდის დედამიწა,
სადაც იზრდებიან
რკინის ღეროები.
მაგრამ... საათია
ხანა ადრიანი,
დაღლილ მოსანგრეებს
სძინავთ დალაგებით,
სამოცდაათიან
სანტიმეტრიანით
მიანგრ-მოანგრიეს
იგი ქალაქები.
ველი ქალაქს იქით
ომით დაირღვა-რა,
ერთი - მეორეში
წვიმით იცომება,
განა სისასტიკით,
რაც აქ დაიღვარა
სისხლის მორევები,
გამოიზომება?
მხეცი თოკიანი
დაჰქრის უვნებელი,
ქვეყნებს შევლებია
ცეცხლის მეზოდენი,
დადგა ოკეანე
დაუსრულებელი,
ეს ხომ ცრემლებია...
მაგრამ ესოდენი?

მოხუცი ქალი თვალცრემლიანი
სიღრმეში მიდის.
ო, ღრმაა ძალა მისი ზიანის,
განცდების დიდის.
და ვინ გაიგოს, რამდენ ნაპრალში
არის მალული,
ჯარისკაცები მისებრ საბრალო
და დაღალული.
ან ყველას როგორ უნდა უძახო,
ვართ მიწიერი,
მასსა უბრალო,
მასსა ძლიერი.
განწირულებაც მათ არ აომებს,
როს აქცევს სითხეთ,
სასაფლაოებს, სანატორიებს
და თხრილებს ჰკითხეთ,
საწყალი კაცი,
დაღალული ჯარისკაცი.

ჰაერში დაკიდულს
ჰკითხეთ ტერრასას
და შემკრთალ ხეებს,
ჰკითხეთ ცას რიდულს.
ავადმყოფ რასას,
სნეულ სახეებს.
სნებას თქორიანს
ვინ გადურჩება?
ილურჯება
სანატორია,
და შეღამება
შორი მილულვით
კვდება წამებით
და წყევლა-კრულვით:
საწყალი კაცი.

დაღალული ჯარისკაცი


ომი, სასაფლაო და რკინისგზები,
მკვლელობათ რიცხვი.
ადამიანის სასიკვდილო ხრიალით სტკბება
ოქროთი მოვარაყებული სირცხვილი.
მსოფლიო ოჯახის ისტორია,
სხვაგვარ წარსულის მქონე, ტიალი
სანატორია...
ეს მომაკვდავის არის ხრიალი...
ომი, რომელმაც გაბედა,
ომი უცაბედათ.
ტყვია... რა მწარეა ის, რაზედაც ჩუმად არიან.
მთელი საუკუნე მიდის სხვებისთვის,
მინდვრების საიდუმლო,
მთების საიდუმლო,
სასაფლაო და რკინის გზები...
ეს მომაკვდავის არის ხრიალი.
მინდვრების საიდუმლო,
მთების საიდუმლო,
საიდუმლოა -
საწყალი ჯარისკაცის,
დაღალულ ჯარისკაცის!

მსოფლიო იყო ძლიერი ლომი
კლანჭებში მსხვერპლით,
ეპარებოდა საზარი ომი
ცეცხლიან ფერფლით.
ის მოჩვენებას ელოდა მრავალს,
მოვარდნილს ღამით,
და სულში ზრდიდა სუსხიან ყვავილს,
აღსავსეს შხამით.

აღსავსე სისხლით.
შურის ძიება თვითეულ მარცვლად,
მისხლითი მისხლით,
არის მშვენიერ ქალაქთა ნაცვლად.

მოხუცი ქალი თვალცრემლიანი
სიღრმეში მიდის,
ღრმა არის მისი გულის ზიანი
და ტანჯვის დიდის.
უცებ სანგრებთან მიტოვებული
განათდა სახლიც.
მთავარ სარდლების მოსჩანს კრებული,
ვერ ეტყვით დაღლილს.
შეექცევიან უძველეს ღვინოს,
ღვინოს და ბანქოს,
ვიღაც ამღერებს ძველ პიანინოს,
როგორც უმანკოს.
ჰიმნები სახელმწიფოთა
აყრუებს დარბაზს,
ჰიმნი გაისმა და კრება მთელი
დგება ბარბაცით.
ჯარისკაცებო! თქვენ სულში ნისლით
დიდხანს ეხეტეთ...
ვისთვის იღვრება ამდენი სისხლი?
აბა, შეხედეთ!
თქვენ დაიხსომეთ ეს გზა, ეს არე,
ეს თოვლი სადა.
სახლიდან ხმები მოისმის ცხარე:
მიდიხართ? სადა?
ფანტომებივით გამოცვივდება
სახლით ქალები,
იმათ თვალებში არ გაცივდება
ცეცხლთ მხურვალება.
ახალგაზრდული თავდავიწყებით
თუ გაგიჟდა, ვინ?
მათი უგონო ცეკვა იწყება
ჯარისკაცთა წინ.
ფანტომი მიჰქრის და თავს იმეტებს,
განცდა - ავია.
ძგრიალი გააქვს კასტანიეტებს,
რა ამბავია?
- ნეტავი მართლა ქალნი არიან?
თუ გვეჩვენება?
- სინამდვილეა თუ სიზმარია?
ან შეჩვენება?
- ხედავთ, აქ ცეკვავს ხანჯლებით ყველა.
ეს ფანტომია?
- არა, მსოფლიო არის კოშმარი,
იგი - ომია.
ომია, რაიც ამრავლებს ტანჯვებს
და ჟრიამულში
ცეკვავს, გიჟდება; ო, იგი ხანჯლებს
დაიცემს გულში.
აააჰ!
.............................................................
უეცრად მთებით მოჰქრის რაკეტი,
თვალს ესიცხება.
და ჩოჩქოლია... ომი? აგეთი?
აჰა, იწყება.
ჯარის უფროსი ყვირის იერით:
თოფი დატენეთ!
მტერი ულმობელს იწყებს იერიშს,
მოემზადენით!
საცაა, ასე გაზრდილი რიცხვი,
ვით მეზღვაურნი ტალღათა შორის,
დაჰკივლებს რისხვით
და ეკვეთება ერთი მეორეს.

საბრალო ჯარისკაცი.
დაღალული ჯარისკაცი.

ჯარისკაცებო, თქვენ სულში ნისლით
დიდხანს ეხეტეთ,
ვისთვის იღვრება ამდენი სისხლი?
აბა, შეხედეთ!
აივნიდან ხმა: - იერიშისთვის!
ჯარის ხმა: - არა!
ვისთვის ვიბრძოლოთ,  მთავრობებისთვის?
ომი ომს! კმარა!
- გაუმარჯოს ინტერნაციონალს!
- გაუმარჯოს გაფიცვებს!
- გაუმარჯოს აჯანყებას!
- ამხანაგებო, ომი ომს!
- გაუმარჯოს რევოლიუციას!
ჩვენ ვგრძნობთ ტკივილებს, მწარე იარას,
ვერ დავრწმუნდებით -
ამ მიდამოებს, სანგრებს, იარაღს
ვტოვებთ, ვბრუნდებით!!!

საბრალო ჯარისკაცი,
დაღალული ჯარისკაცი
ტოვებს ფრონტს, ბრუნდება.
                                              
[1924-1935]