შუალედი - დან - მდე
 
 


ივანე ნაპოლეონად იქცა


ვოდევილი - 1 მოქმ. გ. ტაბიძისა

ივანე - კვახჭირელი აზნაური.
თებროლე - ცოლი.
შვილები.
მოსამსახურეები.

უი, დასძინებია, ღმერთო, კარგი სიზმრები ანახე ჩემს ივანეს.

სცენა I

სცენაზე [სიღრმეში] ბნელა. სცენის სიღრმეში ძველებურ ტახტზე ნიფხავ-პერანგის ამარა სწევს აზნაური ივანე და ყალიონს აბოლებს. საკინძი ჩამოხსნილი აქვს. ხანდახან გვერდზე გადაკოტრიალდება, უცებ რაღაცაზე გაიღიმებს და იძახის:
ივანე: მაქსიმე.
მაქსიმე: (შემოდის) ამბავი, შენი ჭირიმე?
ივანე: ერთი თებროლეს დამიძახე ჩქარა.
მაქსიმე: თებროლეს[თან], შენი ჭირიმე, სტუმარმა დაუძახა ღობესთან.
ივანე: ვინ სტუმარია, ბიჭო.
მაქსიმე: უჩიტელია, ბატონო.
ივანე: უჩიტელი? ოოო! (წამოხტება ზევით, მივა ფანჯარასთან) თებროლე, ა, თებროლე! მაგ უჩიტელი არ გოუშვა, უსათუოდ მეიყვანე აქანე ჩემთან].
ივანე: (ხმა-მაღლა ჰკითხულობს გაზეთს) „ივანე კვახაძემ კავკასიის ნაპოლეონად წოდებულმა, კიდევ ისახელა თავი [ლვოვთან] ბრძოლაში, [თავი მოსწყვიტა] საკუთარი ხელით მოჰკლა ასი გერმანელი, მძიმედ დასჭრა ორასი [გერმანელი და], მსუბუქად სამასი, და [შემდეგ] ცხენით გაიტანა ხუთასი გერმანელი. ამგვარი გმირობისთვის ბ-ნი ივანე [კვახაძე ღირსია მენდლების და] დაჯილდოებულია მრავალი მენდლებით და ორდენებით“... გახლავთ ივანე! [კვახაძე]... მაგრამ... ღმერთო ჩემო... ნუ თუ მართლა მე ივანე კვახაძე ვარ... არა და ათასჯერ არა... სამიათასჯერაც არა... მე ნა-პო-ლე-ო-ნი ვარ.. დიახ, ნაპოლეონი, მეფე საფრანგეთისა და სრულიად მსოფლიოისა. ჰეი, კარისკაცებო, (გამოჩნდება მოსამსახურე, რომელიც მოწიწებით კარებთან გაჩერდება) კარისკაცო, [აუწყე მთელ მსოფლიოს, რომ ივანე კვახაძე ნაპოლეონად იქცა] ვინა ვარ მე?
კარისკაცი: თქვენ ივანე... [ბრძანდებით].
ივანე: [აი, სულელი, ბრიყვი, გაუთლელი] (ყურებზე თითებს მიიჭერს) აპა-პა-პა... დაუძახე მეორე კარისკაცს (შემოდის მეორე კარისკაცი). მიპასუხე, ვინა ვარ მე?
კარისკაცი: თქვენ პეტრე დიდი ბრძანდებით..
ივანე: ეხლავე აქედან გაეთრიე... დაუძახეთ მესამეს... კარისკაცო, ვინა ვარ მე?
კარისკაცი: თქვენ ქართველი...
ივანე (ყურებზე თითს მიიჭერს) ა-პა-პა-პა-პა! დღეიდან არ გამაგონოთ, რომ მე ქართველი ვარ, გესმისთ? არ გამაგონოთ! მე მუქთახორა ქართველების არა მცხია რა... ეხლავე აქედან გაეთრიე... მაგრამ დაიცა... ნუთუ მართლა არ იცით, ვინა ვარ მე? მე ვარ ნაპოლეონი (კარისკაცი შეკრთება). რას შეკრთი, არ გეგონა? დიახ, ნაპოლეონი ვარ, მეფე საფრანგეთისა და სრულიად მსოფლიოისა. კარისკაცო, აუწყე მთელ მსოფლიოს, რომ ივანე ნაპოლეონად იქცა..
კარისკაცი: ძალიან კარგი, ბატონო ივანე..
ივანე: კიდევ ივანეო? ბრიყვი, გაუთლელი.
კარისკაცი: (მუხლებზე დაეცემა) მაპატივეთ, მაპატივეთ, იმპერატორო ნაპოლეონო..
ივანე: ყოველთვის ეგრე მიწოდე.. წადი ეხლა და მთელ ქვეყანას აუწყე, რომ ივანე ნაპოლეონად იქცა.
კარისკაცი: (წამოდგება) ეხლავე, ეხლავე.
ივანე: დიახ, დიახ, ეხლავე.
კარისკაცი: (კარებთან ხმამაღლა) ი-ვანე ნა-პო-ლე-ონად იქცა! (ამ სიტყვებს რამდენიმეჯერ იმეორებენ კულისებში. „ივანე ნაპოლეონად იქცა“).
ივანე: (სიამოვნებით ხელებს) ხე-ხე-ხე! ეგრე, ეგრე... ხე, ხე, ხე! (უცებ მიიღებს ნაპოლეონის პოზას და მძიმედ სკამზე დაეშვება. ხელში აიღებს გაზეთს. მოსამსახურეს) [ხედავ ამას] ეს რა არის?
კარისკაცი: გაზეთია..
ივანე: ეგ მეც ვიცი... არა, იცი, შიგ რა სწერია.
კარისკაცი: არა, ბატონო ივ... ნაპოლეონო.
ივანე: შიგ სწერია: (კითხულობს) „ქართველი თავად-აზნაურობა თავის კანში ვეღარ მაგრდებიან, ბედაურებს თავს ვერ უკავებენ და მამა-პაპური სულით და ადათით გაჟღენთილნი გმირულით მიიწევენ ბრძოლის ველისკენ. ეს როგორც კი გაიგო კავკასიის ნაპოლეონმა - ივანემ, საჩქაროთ მოახტა ზურგზე ცხენს, ჰკრა დეზი, იშიშვლა ხმალი და გადასძახა ქართველებს: [ვინც ქართველები ხართ, მე გამომყევითო!] მუსრი მტრებსო. ეს როგორც კი გაიგონეს ქართველებმა..“
............................................................................................................................................
ივანე: მერე საფრანგეთის ჯარი, ჩემი არმია! ჰო-ჰო-ჰო-ჰო! რა არის რა! საკუთარი თვალით უნდა ნახო, რომ დაიჯერო.
კარისკაცი: იმპერატორო, მე თვითონ საფრანგეთის მკვიდრი ვარ, მისი ჯარის ერთი სარდალთაგანი.
ივანე: მართლა? დიდად, დიდად სასიამოვნოა! მაშ, დავლიოთ ეხლა საფრანგეთის ჯარის სადღეგრძელო.
კარისკაცი: დავლიოთ! (შემოდის სხვა კარისკაცი და ხმალამოღებული კარებთან ჩერდება).

III

ივანე: რა ამბავი მოიტანეთ?
კარისკაცი: თქვენთვის დიდად სასიამოვნო ამბავი, თქვენო უდიდებულესობავ!
ივანე: აბა, ჩქარა სთქვი!
კარისკაცი: თქვენ შეკითხვა ინებეთ, რომ ხომ არ დავიწყებიათ, რომ ივანე ნაპოლეონად იქცაო.
ივანე: მერე?
კარისკაცი: სრულიადაც არ დავიწყებიათ, პირიქით, ყველას ახსოვს და ყველა დიდ სიამოვნებას ეძლევა ტკბილი მოგონებით, რომ საფრანგეთს მოევლინა თქვენი სახით მეორე ნაპოლეონი, ღირსი ამ სახელისა.
ივანე: ამ სასიამოვნო ამბისთვის მიჩუქებია თქვენთვის მთელი ერთი კუთხე, საქართველო მთელი მისი მშვენიერი ბაღებით, ტყეებით, მთებით და ამასთანავე იცით, რითი?
კარისკაცი: აბა, საიდან მეცოდინება თქვენო (მაღალ-კეთილშობილებავ).
ივანე: მშვენიერი ქალებით! ხე, ხე, ხე, ხე! მშვენიერი ქალებით. საუცხოვო ქალები არიან იმერეთში, უფრო კარგი გურიაში და სულ უკეთესი სამეგრელოში... ყველა ესენი მიჩუქებია თქვენთვის. ეხლა წადით!
კარისკაცი: (დაიჩოქებს და ხელზე ემთხვევა ივანეს) დიდად, დიდათ გმადლობთ, იმპერატორო ნაპოლეონო, ასეთი გულუხვი საჩუქრისათვის! (გადის).

IV

ივანე: ისეც შენა! (შემოდის თებროლე სოფლურად გამოწყობილი).
თებრ.: ჩემო ივანე..
ივანე: [აპა] ჟოზეფინა.. გესმის, არასდროს ივანე არ დამიძახო..
თებრ.: მაშ, რა დაგიძახო..
ივ.: დამიძახე ნაპოლე-ო-ნი!
თებრ.: (გაკვირვებით) ნაპოლეონი? ეს რაღას ნიშნავს! მართლა რა ამბავია ეს. მთელი ქვეყანა მასხრად გიგდებს, თუ რაა? ყველგან გაიძახიან: „ივანე ნაპოლეონად იქცა, ივანე ნაპოლეონად იქცა“...
ივ.: სამართლიანადაც!
თებრ.: როგორ თუ სამართლიანად! სად შენ და სად ნაპოლეონი!
ივ.: შენ კითხულობ გაზეთებს?
თებრ.: არა.
ივ.: მაშ, აი, წაიკითხე.
თებრ.: კითხულობს: „ივანე სრულიადაც არ ჩამოუვარდება თავისი მამაცობით, გამჭრიახობით და სარდლობის უნარით ნაპოლეონს“... ოჰოოო.. (სიცილით გადაეხვევა) ხეედაავ!
ივ.: მაშ, მაშ! შენც დღეიდან უბრალო თებროლე კი არა, ჟოზეფინა ხარ, გაიგე? ჟოზეფინა!
თებრ.: ჩემო ნაპოლეონო!
ივ.: ჩემო ჟოზეფინა..
კარისკაცი: იმპერატორო ნაპოლეონო, დროა, რაიმენაირი რეფორმა მოახდინოთ საფრანგეთში.
ივ.: რეფორმა? მაგალითად? გავამრავლოთ სასწავლებლები? ავაგოთ მონასტრები? ავაგოთ ეკლესიები? შემოვიღოთ უფასო სწავლა? რა რეფორმა? საჭიროა ისეთი რეფორმა, რომ მტრებმა კრინტის დაძვრაც ვერ გაბედონ. მტრები, მტრები, ოჰ, ჩემი მტრები. მართლა, ეხლა გამახსენდა: აუცილებლად საჭიროა ჯაშუში ვიყოლიოთ, თუ რას ამბობენ ჩემზე ჩემი მტრები, აუცილებლად. ეს მე საშვალებას მომცემს, უფრო დიპლომატიურად ვაწარმოვო საქმე. დაუძახეთ კარის კაცს.
.............................................................................................................................................
...დაატყვევა სამიათასი გერმანელი საკუთრად თვითონ, სხვის დაუხმარებლად. ეს შემთხვევა ერთხელ კიდევ ამტკიცებს გმირი ნაპოლეონის უძლეველობას“. (დასდებს გაზეთს) ოჰო!
ივანე: მაშ, მაშ.
ქეთო: მაშ, ეხლა შენ საფრანგეთის იმპერატორი ხარ? რა კარგია! მე უსათუოდ ვივლი ბალებში და მასკარადებში, უსათუოდ. ჩვენ ხომ პარიჟში ვართ?
ივანე: მაშ, მაშ! ჩვენ პარიზში ვართ, რა თქმა უნდა, და ვცხოვრობთ მთავარ ქუჩაზე. [რა კარ.].
ქეთო: იიიფ. რა კარგია.

VIII

კარისკაცი
: (შემოდის) იმპერატორო ნაპოლეონ, [არავ.] მთელ ქვეყანაზე ჯერ არავის არ დავიწყებია, რომ ივანე ნაპოლეონად იქცა (სურს წასვლა).
ივანე: დაიცა, დაიცა! ამ ჩემთვის სასიამოვნო ამბავისთვის მომიცია შენთვის დანია, ნორვეგია და ორი კიდევ სხვა პატარა სახელმწიფო. წადი.
კარისკაცი: დიდად, დიდათ გმადლობთ, ხელმწიფეო (გადის).

IX

სანდრო
: (შემოდის) არა, მამა, მამა, მე ამას არასდროს არ მოვითმენ, არა და ათასჯერ არა.
ივანე: რაშია, შვილო, საქმე?
სანდრო: ვითომ და არ იცი! შენ საქართველო გიჩუქნია ვიღაც კარისკაცისთვის; რად ჰქენი აგრე? მოგეცა იგი ჩემთვის, მე ვიქმნებოდი იქ მეფედ.. (ტირის).
ივანე: ნუ სტირი, აბა, რად სტირი! აი, მე შენ უფრო დიდ სახელმწიფოს გაჩუქებ... ოსმალეთს... გინდა?
............................................................................................................................................
ვილგელმი: მე მინდა გთხოვოთ, რომ მაპატივოთ სასჯელი და დამიბრუნოთ ტახტი.
ივანე: ტყვილა თხოულობთ.
ვილგელმი: თუ ეგ არ იქნება, უბრალოთ გერმანიაში ცხოვრების ნება მაინც მომეცით!
ივანე: არც ეგ შეიძლება. იმპერატორი ნაპოლეონი სამართლიანად მოიქცა, როცა თქვენ წმინდა ელენეს კუნძულზე გადაგასახლათ. აბა, წარმოიდგინეთ რამდენი სისხლი დაღვარეთ, რამდენი დედა აატირეთ, რამდენი შვილი დასტოვეთ ობლად, რამდენი ცოლი ქვრივათ, რამდენს ჩააცვით შავი ძაძა? წარმოვიდგენ ყველა ამას და თვალთ მიბნელდება და თქვენ კიდევ შეწყალებას ითხოვთ... გაგისკდეს ეხლავ მიწა და ჩავარდი შიგ, გაგისკდეს ეხლავ მიწა და ჩავარდი შიგ, გაგისკდეს ეხლავ მიწა და ჩავარდი შიგ (მიწა მართლა გასკდება და ვილგელმი ქვესკნელში იკარგება). აი, არამზადა გერმანელი. რაები მომთხოვა. კარისკაცებო, თუ ვილგელმი მიწიდან ამოძვრეს, წმინდა ელენეს კუნძულზე გაგზავნეთ.
კარისკაცი: (კარებთან) თუ ვილგელმი მიწიდან ამოძვრეს, წმინდა ელენეს კუნძულზე გაგზავნეთ (იმეორებენ ამ სიტყვებს კულისებში).

XII

თებროლე: დამშვიდდი, იმპერატორო! ეგრე აღელვება დაგასნეულებთ. მალარიას შეგყრის...
ივანე: მართალია, არ უნდა ვღელავდე ასე ვიღაც ვილგელმის გულისათვის, მაგრამ რას...

სცენა I

ფარდა აიხდება. სცენის სიღრმეში ძველებურ ტახტზე, ნიფხავ-პერანგსამარა წამოწოლილია ივანე და ყალიონს აბოლებს, თან ხვნეშის და ხანდახან აფურთხებს. სცენა ნელ-ნელა ბნელდება. ბოლოს ივანე გამოფერთხავს ყალიონს [და ხვრინვას ამოუშვებს].. სცენა ამ დროს სრულიად დაბნელდება. ისმის ივანეს ხვრინვა. სიბნელეში კარის ჭრიალი ისმის. შემოდის თებროლე და ხმამაღლა ამბობს: „კიდეც დასძინებია! ღმერთო, ტკბილი სიზმრები ანახე ჩემს ივანეს. მე კი ეხლავე გავალ“. ისევ ისმის კარის გახურვის ჭრიალი. ბოლოს სცენა თანდათან ნათლდება სიღრმეში, ტახტიდან, რომელზედაც ივანე იწვა, დგება ნაპოლეონის სილუეტი, რომელიც შუა ოთახისკენ მოდის და მაგიდასთან ჯდება, სცენა ამ დროს სრულიად განათებულია.

[1915 წელი]