შუალედი - დან - მდე
 
 


პატარა განმარტება


ერთი თვის წინად მე და ეკალაძეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი უკმაყოფილება მოგვივიდა. [ამ შეტაკებას უნდა გამოერკვია ჩემი პოზიცია] ამ დღემდე ჩვენ მეგობრები ვიყავით, [ისეთი, რომელი ლიტერატურული მოწოდება] ლიტერატურის  სიყვარული გვაერთებდა - [ვგრძნობდი] ქუთაისში ხშირად ვხედავდი მას, [მეგონა რომ] ამიტომ ძლიერ საწყენათ დამირჩა, როცა მის წინააღმდეგ გალაშქრება მომიხდა, აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი ხუთ-სტრიქონიანი წერილი სრულიადაც არ იყო ლანძღვის წერილი. პირადობისკენ მიმართული.
შემდეგ ვმოგზაურობდი ჩემს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად და მოგზაურობის შემდეგ სოფლისკენ გავსწიე დასასვენებლათ. მე მუდამ მეგონა, რომ ია ეკალაძე დაუძინებელ მტრად გადავიკიდე, და სადმე, როდისმე, იგი თავისას გაიტანდა: უსათუოდ სამაგიეროს გადამიხდიდა. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც ქუთაისში ჩამოვედი და ია ეკალაძე ძველებურათ შემხვდა, თითქო სრულიად არაფერი ჩვენ შორის არ მომხდარიყოს. რას ნიშნავს მეთქი ეს? - ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს.
პასუხი ვერ მომენახა.
ერთხელ შალვა ამირეჯიბს შევეკითხე:
- ძალიან [გულმოსულია] გამწყრალია ჩემზე კობა?
- ვინ გითხრათ, სრულიადაც არა!
- როგორ... მაშ, ის წერილი..
- მგონია, აღარც კი ახსოვს!
ეს ამბავი მეტისმეტად მესიამოვნა: არ ყოფილა-მეთქი მართლა ისე გულ-ღვარძლიანი.
ჩემი წიგნი ამ დროს გამოსული იყო. ია ეკალაძემ მთხოვა წიგნი. ჩემმა გამომცემელმა მეორე დღესვე ორი წიგნი წარადგინა „იმერეთის" რედაქციაში. ერთი ეკალაძისთვის..
მხვდება მესამე დღეს:
- რატომ წიგნი არ გამომიგზავნეთ?
მე ძლიერ მეუცხოვა.
მესამე დღეს ეკალაძემ იგივე საყვედური გამიმეორა, მეოთხე დღეს მითხრა: - გამოგეგზავნა წიგნი, რამეს დავსწერდიო.
ბოლოს მე თვითონ მივუტანე წიგნი წარწერით: რომელიც [საბედისწე] ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდა; აი ეს წარწერაც:

როცა უმიზნოთ, უშინაარსოდ
რბიან წუთები ბედნიერ დღეთა,
გულს მწუხარება გარემოიცავს
და სულს უსაზღვრო სასოწარკვეთა,
მწუხარე ლექსებს მე ვმღერი მაშინ,
მსურს გავაცოცხლო იმედთა მდელო,
და მოგონებათ წმინდა აჩრდილი
სიცოცხლის ჰანგით ავამეტყველო.
მიიღე წიგნი.. წიგნი მწუხარე,
წიგნი სპეტაკის ოცნების ჩემის,
მიიღე ნიშნად სიყვარულისა
და უდიდესი პატივისცემის.

მესამე დღეს ეკალაძემ მითხრა:
- მე უნდა მეთქვა შენთვის, ჩემი წერილი შენი ჩემდამი მოძღვნილი ლექსით უნდა დავიწყო.. და შემდეგ ჩავყვები.. მაძლევ ნებას?
- [მიირთვით] როგორც გნებავდეთ, - დაუფიქრებლათ ვუთხარი მე.
მაგრამ არ გასულა სამი წამი, რომ ვინანე: როგორც ხედავთ, ლექსი სრულიადაც არ ვარგა.. სირცხვილია ასეთი ლექსის დაბეჭდვა. ამიტომ მაშინვე ბარათი გავუგზავნე ეკალაძეს, სადაც ვთხოვდი, რომ ნუ დაბეჭდავდა ლექსს, რომ ამ ლექსს სრულიადაც საზოგადოებრივი მნიშვნელობა არა აქვს და რასაც არ დამამცირებს,  არც რამეს შემმატებს. მე ვერ წარმომედგინა, რომ ია ეკალაძეს თავისი პირადი მდგომარეობის გამოსაკეთებლად სჭირდებოდა ეს ლექსი.
განა საკადრისია ეგ?
და თუ ეს შეიძლება, მაშინ...

[1914 წლის სექტემბერი]