შუალედი - დან - მდე
 
 


მე და დემონი


[მე და „დემონი“]
(მოგონებები)

დემონი - ფსევდონიმი იყო ქუჩუ ქავთარიძის, რომელიც მთელ თბილისის სასულიერო სემინარიას უყვარდა გულწრფელი, ღრმა, ამხანაგური სიყვარულით. ქუჩუს ნამდვილი სახელი თითქმის სრულიად არ იყო ხმარებაში, ყველგან დემონს გაიძახოდენ: - დემონი სოფელში წავიდა, დემონი პოემას სწერს, დემონი ჟურნალის გამოცემას აპირებს და სხვ. მე ჯერ კიდევ სოფელში ვიყავი, როცა დემონის რამდენიმე ლექსი წავიკითხე თბილისის ერთ-ერთ ჟურნალში, მშვენიერი, გრძნობიერი ლექსები, უბრალო, აკაკის ენით დაწერილი, და შთაბეჭდილების მომგვრელი, როგორც, მაგალითად, მისი ცნობილი ლექსი:
ვიშ, ამ საღამოს,
ნეტარ-საამოს,
ვიშ, ამ წალკოტსა გადაფენილსა,
ედემ-სადაროს,
მაგრამ საბრალოს,
მტრის დაბრიყვებულს, ობლად შთენილსა.

სამშობლო მხარევ,
მტირალ-მცინარევ,
თავს ვით ფარვანა შემოგევლები,
მაგრამ შენს ახლოს
ტანჯვა მკლავს, მახმობს
და შეუმჩნევლად ნელ-ნელა ვკვდები!
ლექსი ზეპირად მომყავს, იგი ზეპირად დავისწავლე, რადგან მაშინ ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.
თბილისისკენ გამგზავრების წინა დღეებში ქუთაისში ერთი სემინარიელი შემხვდა.
- იცი, - მითხრა მან, - სემინარიაში მარტო არ იქნები, იქ ერთი პოეტი დაგხვდება.
- მართლა? ვინ?
- დემონი - ქუჩუ ქავთარაძე.
მე ის წინადვე გამეგონა, მოუთმენლად ველოდი მის გაცნობას.

* * *
მე ეხლაც გუშინდელ დღესავით მახსოვს თბილისში ჩასვლის პირველი დღე, ენკენისთვის პირველი დღეები. მზე არ სჩანდა და ჰაერი დაგუბებული იყო, სუნთქვა მიძნელდებოდა. სოფლებიდან ჩამოსული სემინარიელები იდგენ სემინარიის შენობის წინ, ერევნის მოედნის ახლო, აქა-იქ გუნდებად დაყოფილ სემინარიელებში ცხარე კამათი იყო გაჩაღებული. კარგად არ მახსოვს, თუ რაზე კამათობდენ, მახსოვს მხოლოდ სემინარიელების ანთებული სახეები და გაბრწყინვებული თვალები. ზოგი შედიოდა სემინარიის კანცელარიაში რაღაც დავთრების გამოსატანად ან ამბების შესატყობად. შვეიცარმა ჩემი სახელი და გვარი დაიძახა. მე შევედი. კანცელარიაში მაგიდასთან მოხუცი მასწავლებელი იჯდა.
- დაბრძანდით, - მითხრა მან, - მე ცოტა რამ უნდა გკითხოთ.
მე მაინც ფეხზე ვიდექი.
მასწავლებელმა მკითხა:
- აი, რომ შეგხვდეს ვინმე და გკითხოს: Кто ты такой? - როგორ უნდა უპასუხოთ?
- რა სისულელეა, - გავიფიქრე, - ვუპასუხებ, როგორც საჭიროა.
- ვუპასუხებ სახელსა და გვარს, - ვუთხარი მასწავლებელს.
– Нет, нет!
მე გავჩერდი.
- აი, როგორ უნდა უპასუხოთ! - სთქვა მასწავლებელმა, - Я воспитанник Тифлисской Православной Духовной Семинарии Галактион Табидзе! გაიმეორეთ!
მე გავიმეორე.
- ეხლა უნდა შეგატყობინოთ, რომ თქვენ მიღებული ხართ სემინარიაში სახელმწიფო ხარჯზე. შეგიძლიათ წახვიდეთ. დაუძახეთ შემდეგს, - მიმართა მან ზედამხედველს.
მე გამოვედი.
როგორც კი გამოვედი, დავინახე, რომ სემინარიელები [გარს] ირგვლივ შემორტყმოდენ ერთ ამხანაგს და გატაცებით უსმენდენ მას. მოსაუბრე სემინარიელს შავი ლაიკის ბრწყინვალე ქუდი ეხურა, სუფთა შავი ფორმის პალტო და ხელთათმანები, პირველ შეხედვისთანავე შეამჩნევდით, რომ იგი მდიდარი [იყო] კაცის შვილი უნდა ყოფილიყო.
- დემონი! - გავიფიქრე მე, - დემონი უნდა იყოს! ცოტათი გამხდარი სახე და ცისფერი თვალები ოცნებიანი გამოხედვით, რამდენიმე ძლივს შესამჩნევი უდროო ნაოჭი შუბლზე, სერიოზული, დინჯი სახის გამომეტყველება, ყველა ამან ერთბაშად მომაჯადოვა. დემონი საუბრობდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. საუბრობდა დიდი სიყვარულით მისდამი, რაც საუბარს ელფერს მატებდა. შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ ამ ყმაწვილის მსგავსი მოსაუბრე მთელ სემინარიაში ერთიც არ მოიპოებოდა. მისი საუბარი უსათუოდ გაგიტაცებდათ, მოგხიბლავდათ, დაგათრობდათ. ვიდექი დიდხანს გარინდებული და ყურს ვუგდებდი ამ ხალისიან, სიცოცხლით სავსე სემინარიელის საუბარს, რომელმაც ბოლოს ასე უმიზნოდ და ტრაღიკულად დაასრულა თავისი სიცოცხლე. იმ დღესვე გავიგე, რომ დემონი მეორე კლასშივე ჩაეტოვებინათ ლათინური ენისთვის. ეს გარემოება თითქმის სრულიადაც არ აღონებდა მას.

* * *
შაბათ საღამო იყო. პირველი შაბათი სემინარიის პანსიონში. ჩამოჰკრეს სემინარიის საეკლესიო ზარებს და სემინარიელები გუნდ-გუნდათ გაეჩქარენ ეკლესიისკენ. [თვითონ] ეკლესია შიგნით გაბრწყინვებული იყო სანთლებით. მოსწავლეები ჯარისკაცებივით რიგზე დაეწყვენ და დაიწყო ღვთისმსახურება. საკმეველის სუნითა და კვამლით გაჟღენთილი იყო ჰაერი. სემინარიის გუნდი მღეროდა საეკლესიო საგალობლებს ისეთი მიმზიდველობით, რომ შეუძლებელი იყო მორწმუნე გულს არ მოხვედროდა და არ აეღელვებია იგი. ზედამხედველები ჩადგენ თავიანთ რიგებში და გაფაციცებით ადევნებდენ თვალყურს წესიერებას. [უცებ ერთი დაიძრა] მე შევამჩნიე ერთ ადგილას მდგომი დემონი, იგი იდგა დამშვიდებული, სუსტი და სრულიადაც არ ირხეოდა. იდგა ისე, როგორც მოითხოვდა სემინარიის დისციპლინა: მაგრამ მთელ მის პოზაში, ცოტათი დაბლა დახრილ თავში, სწორად დაჭერილ ხელებში იყო რაღაც საოცრად მიმზიდველი, მომჯადოებელი, და მე მეგონა, რომ მთელი სემინარია ჩემთან ერთად მისჩერებოდა ამ კაცს, აკვირდებოდა სიყვარულით, გულის ფანცქალით, თუ როგორ გაინძრევოდა, რანაირად და რას იტყოდა ეს მოძრაობა. ცხადზე უცხადესი იყო, რომ ქუჩუ [ერთი] თვითონაც მოხიბლული იყო საეკლესიო საგალობლებით - ილიუზიით, რომელსაც ბოლოს ყოველთვის იწვევს კარგი საეკლესიო გალობა. როგორც სჩანდა, იგი დაიღალა ფეხზე დგომით და ცოტათი კედლისაკენ გადაიხარა და კედელს მიაწვა. ზედამხედველმა იმ წამშივე შეამჩნია ეს და არწივივით გაექანა იმ ადგილისკენ, სადაც დემონი იდგა. გაისმა რაღაცა ჩურჩული დემონსა და ზედამხედველს შუა. საუბარმა, ალბად, სხვანაირი ხასიათი მიიღო, მთელმა სემინარიამ იქითკენ დაიწყო ცქერა, სადაც ინციდენტი ხდებოდა. ბოლოს გაწითლებული ზედამხედველი თვალების ბრიალით წავიდა თავის ადგილისკენ. დემონი კი იდგა სწორად დაშვებული ხელებით, სრულიად აუღელვებლად, ისე, როგორც მოითხოვდა სემინარიის დისციპლინა.

* * *
სემინარიაში სამკითხველო გახსნეს.. გამოიწერეს ყველა ადგილობრივი ქართული გაზეთები, რამაც ყველა გააოცა. ეს ამბავი ღირსშესანიშნავ ამბავად უნდა ჩაითვალოს სემინარიის ცხოვრებაში. მოწაფეები იყრიდენ თავს ერთ პატარა ოთახში, კითხულობდენ გაზეთებს და ერთმანეთს უზიარებდენ შთაბეჭდილებებს.. დემონი ყოველდღე დადიოდა სამკითხველოში, და ეს გარემოება იწვევდა მთელ სემინარიას, რომ საღამოობით რამდენიმე საათი დაეყოთ სამკითხველოში. ქუჩუ უსათუოდ აუხსნიდა ყველას გაუგებარ რამეს, მან საკმარისად ბევრი იცოდა, თავიანთ ამხანაგებთან შედარებით. ერთ ამნაირ საღამოს მე გამაცვნეს იგი.
- ვიცნობ, - ჩაილაპარაკა მან.
- საიდან, როგორ? - შეეკითხა ვიღაცამ.
- თქვენი ხელნაწერი ლექსი წავიკითხე, - მომიბრუნდა დემონი, - კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
მე უკანასკნელ სიტყვებზე არაფერი არ ვუპასუხე და საუბრის გადატანას სხვა საკითხზე შევეცადე... ლაპარაკი აკაკის იუბილეზე ჩამოვარდა. მალე მთელი საქართველო აკაკის მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის იუბილეს იდღესასწაულებდა. რა ბედნიერებაა...
- სემინარიამაც უსათუოდ მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ დღესასწაულში, - სთქვა დემონმა.

[1910-იანი წლები]