შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-641-9 - უთარიღო


                                              მუხაძე

     იგი, მართლაც, მუხასა ჰგავდა, როდესაც თეთრხალათებიან ექიმებით გარ­შე­მორტყ­მული იდგა საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში, სადაც მე ვიწევი, მძი­მე ავადმ­ყო­ფი, სულიერად დაღლილი; იგი იყო საშუალოზე მაღალი ტანის კა­ცი, კარგად ჩაფსკვ­ნილი, კონცეტრირებული ნებისყოფის, ძუნწი მოძრაო­ბი­სა, და სიტყ­ვებ­ზე­დაც ძუნწი, ავტორიტეტული, მთლიანი პიროვნება. „დი­ეტა? - ამბობდა იგი, - რა არის დიეტა აქ? მიეცით, რაც შეიძლება, [მეტი] სამ­­ხიო საჭმელები, შვლისა მწვადები, კარ­გად შემწვარი კეცებში ვარია, კარ­გად, ჩვენებურად მომზადებული საცივი და ღო­მი. კონიაკი აუცილებელია. ერ­თი ბოთლი დღეში და არასგზით მეტი არ შე­იძ­ლე­ბა, ღვინო რამდენიცა სურ­დეს, მხოლოდ ძველი ღვინო უნდა იყოს, სა­უფ­ლის­წუ­ლო [სარდაფებიდან] ბოთ­­ლების, ნაფარეული ან კარდანახი, ქინძმარაული უკე­თესია“.
     ექიმებმა ერთმანეთს ჩუმი ღიმილით გადახედეს, ერთი გადახარხარება სი­ცოცხ­ლეს ერჩიათ, მაგრამ რას გაბედავდნენ. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს  ხუმ­რობა იყო. მაგრამ კარგი მოვლითა და ექიმების ყურადღებით მალე სრუ­ლი­ად ჯანმრ­თე­ლად შევიქმენი.
     - მე ხომ ვთქვი! - ხუმრობდა [ძვირფასი] ქირურგი, - „რაც სენი პოეტს არ სჭირდეს, ღვი­ნოა მისი წამალი“.
     - მაგრამ ჩვენი პოეტი ღვინოს არც გაჰკარებია! - უპასუხეს მას.
     - [არა, ბამბით აწურავდით] მაშ, როგორ, თავისით მორჩა? კიდევ უკეთესი!
     როდესაც შემდეგ, საგურამოში რომ...