დღიური-661-8 - 1954 წელი
გ. ტაბიძე: - ამხანაგებო, მე მინდა გავიხსენო ერთი მომენტი პირველი ყრილობის ამბებიდან. ე. ი. ოცი წლის წინანდელი ამბავი მინდა მოგახსენოთ. როცა ჩვენი მწერლების დელეგაცია გაემგზავრა მოსკოვში, მე ამ დელეგაციაში მონაწილეობას არ ვიღებდი ავადმყოფობის გამო. მოსკოვში ჩვენი დელეგაცია ესტუმრა ამხანაგ სტალინს. ამხანაგები მოუთმენლად ელოდნენ დარბაზში ამხანაგ სტალინთან შეხვედრას, კრემლის დარბაზში გაიღო კარი, გამოვიდა ამხანაგი სტალინი, მიიხედ-მოიხედა და მისი პირველი კითხვა იყო - სად არის გალაკტიონიო. რას ნიშნავს ეს, ამხანაგებო? ნიშნავს თუ არა ეს უზომოდ დიდ ყურადღებას ქართველი პოეტისადმი? რასაკვირველია, ნიშნავს! როდესაც ამხანაგებმა ეს ამბავი ჩამომიტანეს მოსკოვიდან - ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო დიდი გამხნევება ჩემთვის და ამ გამხნევებით ვმუშაობდი მე ამ 20 წლის განმავლობაში. მე ვმუშაობდი სიყვარულით ჩვენი მწერლობისადმი, საერთო საქმისადმი, რევოლუციისადმი. გაახსენდა ამხანაგ სტალინს ჩემი სახელი, ალბათ, იმის გამო, რომ 1917 წელს სმოლნში, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოეტი მგზნებარედ მივესალმე მას. ამხანაგებო, ასეთ ყურადღებას დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლისთვის. დიდმა ყურადღებამ და ხალხის სიყვარულმა შემაძლებინა მე გულწრფელად მემუშავნა და დამეწერა 25 ტომის შემცველი მასალა, რომლებიც გაბნეულია სხვადასხვა გამოცემებში. 7 ტომის გამოცემა დასრულდა 1950 წელს.
ამხანაგებო! ჩვენის მხრითაც საჭიროა ერთმანეთისადმი მუდმივი ყურადღება. ეს ძალზე წინ წასწევს ჩვენს მუშაობას.
მეორე ყრილობიდან უზარმაზარი მასალა წამოვიღე. ჯერჯერობით მთლიანად არა მაქვს შესწავლილი ეს მასალა. მე გამომადგება იგი შემდგომი შემოქმედებითი მუშაობისათვის. ყოველივე ეს მაიძულებს, გამოვთქვა სურვილი იმის შესახებ, რომ მეტი ყურადღება იყოს ჩვენდამი, თორემ, ამის გარეშე, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. აქ მნიშვნელობა აქვს ჩვენი სასახლის მოწყობას, ამხანაგების ერთმანეთთან დამოკიდებულებას და სხვ. მაგალითად: მე პოეტების სექციის თავმჯდომარედ ამირჩიეს, მე ამ სამუშაოს გავუძღვები, მაგრამ პირობების შექმნით, ყურადღების მოპყრობით, რჩევა-დახმარებით, თქვენი თანამშრომლობით. ეს თითოეული სექციის მუშაობაზეც არის დამოკიდებული. ჩვენ, პოეტები, მარტო პოეტები კი არა ვართ, ჩვენ დამოკიდებული ვართ სხვა სექციებზეც, თქვენზე, პროზაიკოსებზე, კრიტიკოსებზე, მომხსენებელზე. აქ დაისვა საკითხი პოემების შესახებ, როგორ შეიძლება ნახევარმა საუკუნემ განვლოს და პოემა არ გვქონდეს? მე პირადად 50 პოემა მაქვს, მაგრამ გაბნეულია სხვადასხვა წიგნებში.
ამხ. ბერულავა: 50 პოემა ქართულ ლიტერატურაში მთლად არ არის.
ამხ. ტაბიძე: როგორ არა, არის და ამას შესწავლა უნდა, საღამოები უნდა მიეძღვნას სპეციალური. თითოეული პოემა ღირსია შესწავლისა. ჩვენ გვქონდა ამის შესახებ თათბირი, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რით მივდივართ და რა მოხსენებით მივდივართ. კავშირის წარმომადგენელი წარმომადგენელია მწერლობისა და უნდა ვიცოდეთ, რას ლაპარაკობს. მომავალი ყრილობისათვის ეს პირობები უნდა გავითვალისწინოთ და უკეთესად გამოვიდეთ.
ახლო მომავალში სხვადასხვა სამუშაოები არის შესასრულებელი, სრულდება 40 წელი აკაკის გარდაცვალებიდან, 50 წელი 1905 წლის რევოლუციიდან. ეს ისეთი მნიშვნელოვანი ამბებია, რომ არ შეიძლება პოეტებმა თავისი ყურადღება არ გაამახვილონ. ჩვენ მოვალენი ვართ, გარსშემოვიკრიბოთ ძალები, გვყავს მონაწილენი 1905 წლის რევოლუციისა. უნდა გამოიცეს წიგნი 1905 წლის რევოლუციის შესახებ. მოვალენი ვართ, წინ წავწიოთ კადრები რჩევა-დარიგებით, მითითებებით, გამოცდილებით.
ძირითადად ჩვენი მუშაობა უაღრესად დამოკიდებულია ხალხზე, ანგარიში უნდა გაეწიოს მკითხველს. რას მოითხოვს მკითხველი და თუ მაგალითად მკითხველს არ მოსწონს წიგნი, ჩვენ მაინც ვაჩეჩებთ და ვაჩეჩებთ (დარბაზში საერთო სიცილი). ეს არის საჭირო. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მკითხველს ისეთი წიგნი, როგორიც მას სწყურია. მაგალითად, მე მითხრეს, რომ იქ, სარდაფებში მთელი რიგი წიგნებისა გაუსაღებელი აწყვია. უნდა გამოიცეს ის წიგნი, რომელიც საჭიროა. ასე არ არის ამხანაგებო? (ხმები: მართალია).
სულითა და გულით გისურვებთ, ამხანაგებო, ისეთ მუშაობას, როგორიც საჭიროა ხალხისათვის, როგორიც საჭიროა მასისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის. ის დროშა, რომელიც ქართულ პოეზიას ეჭირა დღემდე, არ დაგვეხაროს დაბლა (დარბაზში მქუხარე, ხანგრძლივი ტაში).
თავმჯდომარე: ცხადდება შესვენება ათი წუთით.