შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-13 - 1954 წელი


1954. 2 ენკენისთვე.

უნდა გულწრფელადა ვთქვა: წინასწარი გრძნობა მქონდა, რომ აკადემი­აში ჯა­მაგირის აღების დროს, ჩვეულებრივად დამხვდებოდა ჩემი ყოფილი შო­ფერი - თე­ბერვლის თვის (მას მერე ექვსმა თვემ გაიარა) ჯამაგირის წასა­ღე­ბად... თე­ბერვ­ლის თვის! ისიც აკადემიის სალაროსთან! იცის, რომ ამ დღეებ­ში ვიღებ ჯა­მაგირს აკა­დემიიდან. შანტაჟია - სხვა არაფერი!
შევდივარ სალაროში - ისიც (შოფერიც) სალაროშია. რაღაცას საიდუმლოდ ელა­პარაკება სონიას (მოლარეს).
ჩემს დანახვისთანავე იგი ართმევს ქაღალდებს სონიას.
- ეს ქაღალდები, უნდა დაეტოვებინა თქვენთვის... მაგრამ რა კი თქვენც აქ ბრძან­დებით... ინებეთ ეს ქაღალდი!
- რა ქაღალდია? - ვეკითხები..
- თქვენი შოფერი ამ ქაღალდებს თქვენთან სტოვებდა. მოითხოვს თე­ბერ­ვლის თვის ჯამაგირს.
მე გავიხმე განზე შოფერი.
- ასე არ შეიძლება, - ვეუბნები, - თუ რამე სადავოა ჩვენს შორის - ჩვენვე უნ­და გადავჭრათ... აქ აკადემიაა... მე თქვენ ვერაფერს ვერ მოგცემთ.
მან ხმას აუმატა... კორიდორშიაც ისმოდა მისი ამაღლებული ხმა.
- როგორ? მე თქვენ სიკვდილს გადაგარჩინეთ! მე ასე... მე ისე... თქვენ და... (რა­ღაც საგინებელი სიტყვა სთქვა რამდენჯერმე ხმამაღლა).
მე მას ხელი მოვკიდე და ქვეშ ჩავიყვანე... კიბეებზედ. ხმამაღლა მემუქ­რე­ბოდა და იგინებოდა (ცოტათი, მაგრამ არც ისე, მთვრალიც იყო, პირიდან ღვი­ნის სუნი ამო­დიოდა).
სულ დაბლა რომ ჩავედით, მან ისეთი პოზა მიიღო, რომ ფიზიკურად შეუ­რაცხ­ყოფას მიპირებდა თითქო, ან მაშინებდა.
შემომიტია.
ვიღაც უცნობმა შეაყენა უკვე ქუჩაში. ეს უცნობი ჩადგა ჩემსა და შოფერს შო­რის აკადემიის წინ.
მან განზე გაიყვანა შოფერი და თითქო ამშვიდებდა. ეს კიდევ იწევდა.
ასე შემარცხვინა აკადემიაში (ხვალ ეს ამბავი, ალბად, ყველას ეცოდინება).
ამ დროს შემხვდა ძველი ნაცნობი ჩერეპანოვი, რომელიც იქვე მსახუ­რობს, მახ­ლობლად.
- ვინ არის ეს შანტაჟისტი? - მკითხა.
- ჩემი ყოფილი შოფერია, - ვუპასუხე.
- შეატყობინეთ, სადაც ჯერ არს. ეხლავე პასუხს მოსთხოვენ... როგორ ჰბე­დავს. აი, მილიციაც აქვეა.
მე უარი ვთქვი მილიციის ამ საქმეში ჩარევაზე.
ის უცნობი კი, რომელმაც ჩემი შოფერი განზე გაიყვანა, კიდევ დიდხანს ემუ­­საი­ფებოდა და ამშვიდებდა მას...
მე დავეჭვდი: ეს განგებ ხომ არ იყო მოწყობილი, ის უცნობი მას თან ხომ არ მოჰ­ყოლია... ან ეხლაც განგებ ფოკუსებს ხომ არ აკეთებდა?
ინციდენტი იყო ნამდვილი. გასტანა ამბავმა ნახევარი საათი თითქმის.
მე ჩერეპანოვმა წამიყვანა.
შოფერი - მისმა დამამშვიდებელმა.
ცოტა ხნის შემდეგ მივედი მწერალთა კავშირში, იქ შევედი საუდში.
საუდის ბუჰღალტერმა დამახვედრა ჩემი შოფერის ქაღალდი, რომელში­აც ის ჩემ­გან უამრავს თანხას მოითხოვს. პირდაპირ ტერორის ქვეშ მაყენებს ეს კაცი.
იგი განთავისუფლებულია ჩემმიერ ხალტურაზე სირბილისათვის. თავს გა­უ­დის. დროა, ჭკუა ისწავლოს! მაგრამ მემუქრება კი სასტიკად. მაშინებს რა­ღა! ვნა­ხოთ, რითი დამთავრდება ესე ამბავი - არასასიამოვნო.