შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-320 - 1954 წელი


ლექსი, დაწერილი ქვიშის საათით
10 წუთში
ვიწყებ საღამოს მოწყობას; ღმერთო, მიმართე ხელია.
ამჟამად საღამოების მოწყობა ძნელზე-ძნელია.
შეხედავ, თითქო კაცია - დააკვირდები - გველია,
ჩაგიშლის ყოველ ნააზრევს, ისეთი საძაგელია.

მაგრამ ოპერის თეატრი, თუმცა დგას, მაინც არ იცდის.
იგი სახალხო პოეტის ყოველ ჩანაფიქრს განიცდის,
ყოველთვის მოხარულია, ყოველთვის ნაცნობს ხელს მიწვდის,
უნახავს აღელვებანი ბევრი მგოსნის და არტისტის.

მიცდის ოპერის თეატრი - მეძახის: საით წახველი,
ბევრი ამგვარი დილის და საღამოების მნახველი,
მრავალთა დაბრკოლებათა გულგრილად გადამლახველი,
გარნა რა შენი საქმეა - ეხლა დარდი და ნაღველი.

ჩემი პირველი საღამო აქ ცხრაას თვრამეტს მოეწყო.
მხოლოდღა ხსოვნა შთენილა, ჯიბეს ხომ არრა მოეცხო.
ჩემგან მშიშარა მგოსანი, ბევრს სურდა რომ გამოეცხო.
სულისთვის რამე ეზრუნა, მუცელი ვერ გამოეძღო.

მაშინ ხალხი რომ მოზღვავდა, ამბად არის მოსასმენი.
გეტყვით: ბევრი რამ მიგრძვნია - დღეები არ მოსათმენი.
ჩემთა დღეთა სახალისოდ ის საღამო იყო თქვენი -
ლოჟიდან რომ მიცქეროდენ... ბევრნი იყვნენ მოქიშპენი.

ო, ეს იყო ცხრაასთვრამეტს! იმ სხვანაირ ცხრაას თვრამეტს.
რა ამბები არ გადამხდა, მიწითა და ცით განამეტს.
ხალხისაგან მე სულ ცოტას მოვითხოვდი ო, განა მეტს.
დავიღალე, დავუძლურდი, დავიქანცე რისგანა მეც.

ცხრაას თვრამეტს! ინგლისელი, ნეტა, იგი არის სადღა?
წლებთან ერთად ბევრი რამე წაეთრია, წაითათხა,
აივსო და დაიცალა, და დაიმტვრა ბევრი კათხა,
მისი ხელით ამტანელი კაცი იყო, მუნ განა თხა.

აწ ნეტავი სადღა არის ის მსმენელი, ის ნეტარი,
რად არ ისმის ის ქუხილი და გრიალი ნამეტარი?
ის გრიგალი ტაშის ცემის, ის მერანი, ის მხედარი.
ეხლა მისი აღარა სჩანს, არც ცოცხალი, არც ცხედარი.

ვინ იცის, რამდენ რაიმეს წააწყდა, ან აიტანა.
იქით მთაწმინდა დაჰყურებს, ძახილი ისმის მთიდანა.
მე მისმა მუდმივმა ფიქრმა და დარდმა გადამიტანა.
ან მუდამ ომში ჰყოფილა, ან წამოსულა მთიდანა.
23 ნოემბერი, 1954

მე ირაკლის ამ საკითხზე შევეკითხე ტელეფონით,
მან მითხრა, რომ ადვილია გაიარო ღელე ფონით.
სრულ თორმეტზე ვიქნებიო, ამით დავიხელე გონით,
ახლა სრული პირველია. ვიგრძენ სისულელე ტონით.

მალე ორიც შეიქნება. სჩანს, არ უნდათ დახმარება,
რაა მათი მოქმედება? ბუზების თვლა და მთქნარება,
მე კი სულ არ შემიძლია ამ საქმეზე დაწყნარება,
მაგრამ კაცსა აქ რას მოგცემს აღშფოთება, გაცხარება.

რა უნდა ჰქნა? სად წახვიდე? თავი ქვას ხომ არ ახალო,
შენ ასეთი დაგდევს ფერი, საქმევ ძველო, არ-ახალო,
როგორ უცებ დაწყნარდები, სხვანაირად ხმამაღალო,
არ იქნება სათნოების თეთრი ხალით გადახალო.

რა ხანია ამნაირი სახით ვიცნობ მწერალთ კავშირს,
ბოლოში რა უნდა ჰკითხო, თუ რომ არეულა თავშიც,
ვერ გაარჩევ, რა სახე აქვს გრიშაშვილს, ან შანშიაშვილს,
რატომ ისმის მარადისი ტიტინი და როშვა ბავშის?

დიდი რამე მას არ უნდა, რომ აიგდო მასხრად კაცი,
მწერალთ კავშირს მრავალი ჰყავს უსაქმური და ზარმაცი.
გეტყვის თორმეტ საათს მოვალ.. ის საათიც ხდება ბაცი,
გავა ორი, სამი, ოთხი და არა სჩანს არაკაცი.

ჩვენში ბევრი მწერალია მონატრული მეტის-მეტის,
თუ რომ ფული არ შეიქნა, მოტრიალე ხელში კეტის,
დაეცემა ხშირად ბევრი ვერ ამტანი თავში რეტის,
ალფაბეტის უარმყოფებს - სძლევენ გმირნი ალფაბეტის!
24 ნოემბერი, 1954

*
Ariosto. L’orlando Furrioso. Volume secondo Paris. 1846.
წიგნი შესდგება 643 გვერდიდან. თვითეული გვერდი შეიცავს დაახლოვებით 32 სტრიქონს. სულ წიგნში არის: 643 X 32 = 20.576 სტრიქონი (დაახლოვებით). ასეთი წიგნი რომ ათ თვეში დამთავრდეს - თვეში უნდა დაიწეროს 2.000 სტრიქ., დღეში 200 სტრიქონი. ე. ი. 6 გვერდი (3 ფურცელი). ამ პოემის თვითოეული ტაეპის წყობა დაახლოებითY ასეთია:
გაფიქრებასებრ ჩქარი გარედ ზუზუნებს ქარი.
გარედ ზუზუნებს ქარი, შიგნით ხმაურობს ღვინო.
მიდის ტალღაზე ტალღა, ვით იერიშზე ჯარი.
დახურულია ბაღი, ცირკი, თეატრი, კინო.
ხელთ აქვს ოპერის თეატრს უზარმაზარი ქნარი.
ჰქუხს ტრომბონის ხმა, ჩანგი, ბუკი და პიანინო.
ხმა ორკესტრის და სცენის ტრიალებს, როგორც ჯარა,
სულ მაღლა, ზევით, ზევით, ო, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!
25 ნოემბერი, 1954 წ.