შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-534-11 - 1953 წელი


19 დეკემბერი. 1953 წ.
თევზაძის ქალი
მბეჭდავთა კომბინატის სასადილო. ვერის აღმართი საუცხოვოდ სჩანს, ვერის ხიდიც, ვერის ძველი ეკლესია და სასაფლაო. იოსელიანისა და ანანოვის სახლი, ჯავახიშვილისა და რადიანის კერა, ძველი ცირკის ბაღი, ვარაზის ხევის შერთვა, ანანოვების მამული, იქიდან იცქირებიან დ. პავლიაშვილი, საგანელი, თამარ ყანჩელი, ლავრენტი არდაზიანი თუ დანიელ ჭონქაძე და მრავალი, მრავალი ვინმე. გვერდით მიზის მხატვარი გორდელაძე, შვილი "ზაკავკაზსკაია რეჩი"-ს რედაქტორისა.
- ხომ არ იცნობთ თევზაძის ქალს? - ვეკითხები მხატვარს...
- რომელს - იგონებს ის... აი, აი... მგონი, ისიც მხატვარია...
- სწორედ, მხატვარია და მას მინდობილი აქვს ჩემი გამოფენის მოწყობა მხატვართა კლუბში.. როგორც მითხრა ანიკო ღვინიაშვილმა.
- ააა... ვიცნობ, როგორ არ ვიცნობ. ხანში შესული ქალია.
- მეც ასე მითხრეს... ხანში შესული ქალიაო, უნდა დავეხმაროთ როგორმე, რომ გამოფენა კარგად მოაწყოს...
- მოაწყობს, ენერგიული ქალია, აკტიური, მოქმედი, ცხოვრობს პასკევიჩის ქ. მეოთხე თუ მეექვსე სახლში. იყო თქვენთან თუ არა?
- არა, არ ყოფილა. მითხრა ეს ამბავი კლუბის გამგემ ჭანკვეტაძემ.
- ააა! მაშ, არ ყოფილა თქვენთან?
- და მეც მაოცებს, რომ ჩემთან არ მოსულა... მიუხედავად იმისა, რომ მე ის მივანდე ანიკო ღვინიაშვილს. ვუთხარი, მოსულიყო ჩემთან, მომლაპარაკებოდა. აგერ ორი კვირა გადის და ის ქალი კი არა სჩანს.
- ცუდია, რომ არა სჩანს... ისე, ყოჩაღი ქალია, მსროლელი...
- როგორ მსროლელი?
მოსაუბრემ გაიღიმა. არ ვიცი, რას ნიშნავს მსროლელი.
ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი.