შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-32 - 1950 წელი


31 იანვარი. 1950.
ცილინდრი ზღვაზე
დილაა - მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ველოდით: გვეგონა - სითბო დადგებოდა (გუშინდელი დღის მიხედვით), მაგრამ გაყინულია ფანჯრები - ყინვის ყვავილებით. ვიგონებ ერთ დილას აფხაზეთში: სალიტერატურო საღამო უნდა შემდგარიყო იმ დღეს, დილით კი, რომ გამოგვეღვიძა და ფანჯრებს გავხედეთ, ზაფრა გვეცა: კოკისპირულად სწვიმდა, წვიმდა, წვიმდა. რაისი იმედი უნდა გვქონოდა. ყველამ საშინელი გინება დაიწყო: საღამოს შემოსავალი ხომ ამინდზე იყო დამოკიდებული. ამ ამბავს დღეს ვუამბობ ვასო არაბიძეს.
- ეგ რაა იმასთან შედარებით, ჩვენ რომ გვემართებოდა, მსახიობებსა, - ჰყვება ეხლა ვასო არაბიძე, - ერთხელ კოტე მესხი შეგვეხვეწა: ჩემი იუბილეა და აფხაზეთში წამყევითო. ჩვენები, დაახლოებით ათი კაცი და ქალი, დავეთანხმეთ. ჩავსხედით ფელიუკებში და ოჩამჩირისაკენ გავსწიეთ. კოტე მესხს თან მოჰქონდა მაღალი ცილინდრი, ქაღალდის რგვალ კოლოფითა. რაღაცაზე სჭირდებოდა პიესაში. ცილინდრი დათიკო მგალობლიშვილს (სოფრომ მგალობლიშვილის ვაჟს) ჩააბარა და უთხრა ნავში: ამას გაუფრთხილდიო.
ზღვაზე ღელვა ატყდა. დ. მგალობლიშვილს ხელიდან გაუვარდა ცილინდრი და ზღვაში ჩავარდა.
- აბა, დაიჭით, აბა, დაიჭით ჩემი ცილინდრი, – გაიძახოდა კოტე მესხი.
მაგრამ ზღვა უფრო და უფრო ღელავდა და ცილინდრი კარგა დიდ მანძილზე დაშორდა ნავსა.
გულდაწყვეტილი დათიკო უცქეროდა, როგორის ირონიული მალაყით გადადიოდა ტალღიდან ტალღაზე ცილინდრი.
- ეგ რა საქმე მიჰქენი, - ამბობდა კოტე, - აბა, ჩავიდეთ ოჩამჩირეში და მე შენ გაყურებინებ შენს სეირსა.
ესე მივაღწიეთ ოჩამჩირემდე.
იქ, ნავიდან გადმოსვლისას კოტემ მგალობლიშვილს მიმართა: ეხლა დაღალული ხარ, წადი, გამოიძინე და მერე მე ვიცი, თუ როგორ გაგაძრობ ტყავსაო.
ჩვენ გვეცინებოდა... არავითარ ტყავს კოტე არავის არ აძრობდა. არტისტიულობდა რაღა! გავიდა ცოტა ხანი და დასცხო წვიმამ, მერე რა წვიმამ, რანაირად გადაუღებელმა, გულის წამღებმა, სულის შემხუთველმა, იმედი აღარ იყო იუბილეისა. იუბილე კი ერთად ერთი ხსნა იყო არტისტისათვის მატერიალურად. განა სულ ერთი თვის წინად კოტე მესხს ასე არ ალაპარაკებდა რომელიღაც პოეტი, რომლის პირით თითქო კოტე ასეთი სიტყვებით მიმართავდა დრამატიულ საზოგადოებას:
„ჩემო კარგო გამგეობავ, გამიმართე იუბილე,
და თუ მერე გაწყენინო, მომდექი და წიხლით მზილე!“
- ეეჰ, ბოგემა, ბოგემა! - უმატებს ვასო არაბიძე; არტისტის ცხოვრება იგივე იყო, რაც ცილინდრის ზღვაზე მოგზაურობა.